ვეტერანი მოჭიდავე და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ წელიწადზე მეტია საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის.

ის ამ გადაწყვეტილებას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს უკავშირებს და მოითხოვს, ამ უკანასკნელმა პასუხისმგებლობა აიღოს იმის გამო, რომ ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში ვერც ერთი სპორტსმენი ვერ გავიდა ფინალში.

“მეგობრებო, წელიწადზე მეტია, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩამომაცილეს მთავარი მწვრთნელის პოზიციას.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგები არის საგანგაშო და ქვეყნისთვის სამწუხარო. არ ყოფილა ჩემპიონატი, რომ ღონისძიება ფინალის გარეშე დაგვესრულებინოს.

მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ.

ჩემი შეგნებული ცხოვრება დავუთმე ქართული ჭიდაობის განვითარებას.

არავის მივცემ უფლებას, საქართველოს მომავალ მოჭიდავეებს ვინმემ დაუკარგოს პიედესტალზე დგომის, ქართული ჰიმნის მოსმენისა და ქართული დროშის აფრიალების შესაძლებლობა.

მოჭიდავეებო, თქვენ ჩემს გულში ხართ და მე თქვენ გვერდით ვარ”, – წერს იანტბელიძე.

ვეტერანი მოჭიდავე 2024 წელს სკანდალში გაეხვა, როდესაც პროევროპული აქციების მონაწილეებს დაემუქრა სოცქსელში.

“ოცნების” აქტივთან ერთად, გასულ წელს თბილისში ნაძვის ხის ანთების დაანონსებულ ღონისძიებაზეც იმყოფებოდა მამუკა მდინარაძესთან ერთად.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.