“ჩვენ ვიმუშავებთ 24/7 რეჟიმში სომხებისთვის ცვლილებებისთვის”. ამის შესახებ რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია გამოცემები ავრცელებენ.

სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება რუსი ბიზნესმენის და ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი.

„ძალიან მალე ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე. ერთად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება, თუმცა განვითარების პროცესებზე საუბრამდე მსურს აღვნიშნო, რა მემკვიდრეობა გვრჩება წინა უუნარო ხელისუფლებისგან.

მემკვიდრეობად გვრჩება დაკარგული მეორე სამშობლო, აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები სომხეთის სუვერენულ მიწაზე, რამდენჯერმე გაზრდილი ერაბლური [სამხედრო სასაფლაო], ხოლო ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობების შედეგად მათი ნდობა სრულად დავკარგეთ“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

მისი თქმით, სომხეთი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა.

„ჩვენი საუკეთესო თანამემამულეები დღეს ბაქოს ციხეში იმყოფებიან, ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, სიღარიბე 21%-ს აღწევს, საზოგადოება სესხებით არის გამოფიტული, სახელმწიფო ვალი 15 მილიარდს უახლოვდება, სომხეთის ეკონომიკურ სივრცეში დიასპორის პოტენციალი განადგურებულია, ხოლო შიდა ინვესტორების მიმართ სამართალდამცავთა ძალადობის გამო სრული გულგრილობა სუფევს.

და რას გავაკეთებთ სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად? პირველ რიგში, საჭიროა 24-საათიანი მუშაობა. გვექნება ერთიანი და ძლიერი საზოგადოება, აღვადგენთ ეკლესიის ადგილსა და როლს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამართლიანობა, მართლმსაჯულება და ჰუმანურობა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება. და როგორც დაგპირდით, გვექნება გარანტირებული რეალური მშვიდობა. ამის გარანტიასაც ვიძლევი”.

მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში სომხეთის ეროვნულ კრებას წარუდგენენ კანონს, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესი ბრუნვის გადასახადისგან გათავისუფლდება, რაც 5 წლის განმავლობაში 50 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„უპირველესად, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ 300 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით ჩვენი სომხებისთვის, მაშინ როცა ფაშინიანის მთავრობამ უკვე გაუხსნა სომხეთის კარი 300 000 აზერბაიჯანელს.

მეორეც, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ისეთ ეკონომიკურ პირობებს შევქმნით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში ყველა სახელმწიფოსთან შედარებით ყველაზე კონკურენტუნარიანს გახდის.

სომხეთის რეინდუსტრიალიზაციისთვის საჭიროა მსხვილი უცხოური ინვესტიციები, და ამის უზრუნველყოფას უმოკლეს დროში შევძლებთ. მომდევნო რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში წარმოვადგენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ახალ პროგრამებს, რომლებიც, ჩემი აზრით, სომხეთის ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს“, – თქვა კარაპეტიანმა.

სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ-მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ.

მოსკოვში ფაშინიანის ბოლო ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება [როგორც საარჩევნო სუბიექტი], კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს.

მანამდე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.

სამველ კარაპეტიანმა უკვე განაცხადა, რომ სომხეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.