7 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის შესახებ. დოკუმენტი შეეხებოდა სრუტის გახსნას, რომელიც ირანისა და აშშ/ისრაელის დაპირისპირების გამო მეტწილად ჩაკეტილია. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას ვეტო დაადეს.

რუსეთი და ჩინეთი აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან.

კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნებიდან ორმა – კოლუმბიამ და პაკისტანმა თავი შეიკავეს. ეს უკანასკნელი ბოლო კვირებში აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. მოლაპარაკებების მთავარი საგანი სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნაა.

დოკუმენტი არაბეთის ქვეყნებმა მოამზადეს: ბაჰრეინმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. რეზოლუციის ტექსტში ეწერა, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო და კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. დოკუმენტი მოუწოდებდა ირანს, შეეწყვიტა თავდასხმები სრუტეში მოძრავ ტანკერებზე.

რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილ ნებენზიამ განმარტა ვეტოს საფუძველი. მისი თქმით, რეზოლუცია წარმოაჩენდა, რომ რეგიონში დაძაბულობის ერთადერთი წყარო ირანია, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებზე კი საუბარი არ არის. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის წარმომადგენელმა ფუ ქონგმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი კონფლიქტის მიზეზებს სრულყოფილად და დაბალანსებულად ვერ წარმოაჩენდა

ჰორმუზის სრუტის გახსნა არის ერთ-ერთი მთავარი ულტიმატუმი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს წაუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავდასხმის მასშტაბის გაზრდითა და “ცივილიზაციის განადგურებით” დაემუქრა. ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში (ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე იწურება).

ტრამპს მალევენ გამოეხმაურა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ ამერიკელი სამხედროები „წითელ ხაზებს გადაკვეთენ“, ირანის „პასუხი რეგიონს გასცდება“.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით სწორედ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილების შეფერხების შემდეგ დაიძაბა. ეს პროცესი 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო.

ჰორმუზის სრუტე არის ფაქტობრივად უალტერნატივო სივრცე, საიდანაც ნავთობი სპარსეთის ყურიდან დანარჩენ მსოფლიოში გადის. ამიტომ, იქ გადაადგილების შეფერხებამ ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს სრუტის გახსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის ელექტროსისტემის განადგურებით დაემუქრა. საპასუხოდ, ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკული და წყლის სისტემების განადგურებით დაიმუქრა.

მარტის განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ. ითქვა, რომ აშშ-მ ირანს შესთავაზა 15-პუნქტიანი გეგმის შესრულება ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. ჰორმუზის სრუტის გახსნაც ამ ულტიმატუმის ნაწილია.

თავდაპირველად ირანს ულტიმატუმის შესასრულებლად დრო 6 აპრილამდე ჰქონდა. თუმცა, შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ვადა 20 საათით გადაწია – 7 აპრილის 20:00 საათამდე (ვაშინგტონის დროით).