ავტორი: შოთა კინწურაშვილი, თეოლოგი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორი
ივერიის ეკლესიის კათედრა დაქვრივებულია…
სრულიად უცხო სინამდვილეში იღვიძებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წელიწადია გადაეჩვია კათალიკოზ ილია მეორის გარეშე ყოფას…
რამდენიმე თვალშისაცემ მახასიათებელს გამოვარჩევდი მისი საეკლესიო მმართველობის შესაფასებლად:
-
სახალხოობა – ილია მეორემ შეძლო და მოახერხა, ყველა სოციალურ ფენასთან (იქნებოდა ეს ელიტა თუ პერიფერია), რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებთან კავშირებისა და ურთიერთობების მეტად წარმატებული შემოქმედი ყოფილიყო. ის არ იყო უძველესი ივერიის ეკლესიის კარჩაკეტილი მმართველი იერარქი; პირიქით, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, ტოტალური კონტროლის პირობებში ცდილობდა ადგილობრივ სამეცნიერო წრეებთან, ახალგაზრდებთან თუ ეროვნული მოძრაობის ცალკეულ პირებთან ხიდების შენებას – ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად… ამ ტრადიციას, ურთიერთობების შენებას, მან შემდგომშიც არ უღალატა. რაც მთავარია, ის არ წარმოადგენდა ხალხისათვის მიუწვდომელ უცხო სხეულს (რაც ახალი თაობის საეკლესიო იერარქების სენია). ძალიან მარტივი იყო მთელი მისი პატრიარქობისას მასთან შეხვედრა, საუბარი და აზრის გაზიარება. ეს უკანასკნელი მხოლოდ ბოლო წლებში შეიცვალა, სავარაუდოდ, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო… ჭეშმარიტად რელიგიური ლიდერისათვის დამახასიათებელი ქარიზმა მას მუდამჟამ თან სდევდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე არ ტოვებდა.
-
საეკლესიო სუვერენიტეტის ქონა სახელმწიფოსთან მიმართებაში – მიუხედავად ცვალებადი პოლიტიკური რეჟიმებისა, მან განსაკუთრებულად კარგად იცოდა ტოტალიტარული სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის კონტროლის მძიმე ტვირთი. დამოუკიდებლობის შემდგომ, სწორედ ამ რთული გამოცდილებიდან გამომდინარე, ცდილობდა ყოფილიყო სუვერენული, დამოუკიდებელი ან, თუნდაც, ხელშეუხებელი. ამის დასტურია კონკორდატის რიგი მუხლები, ხშირად სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ან ღია/ირიბი კონფრონტაცია. წლების მატებასა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, ეს თავდაცვის ზღუდე სახელმწიფოსა და ხელისუფლებასთან მიმართებაში ფაქტობრივად მოიშალა.
-
ეკლესიის ცენტრალიზება – არასტაბილური და ცვალებადი პოლიტიკური გარემოებების გამო, რაც ხშირად შიდა საეკლესიო წინააღმდეგობებშიც (ზოგჯერ სამართლიანი მოთხოვნებით) იჩენდა თავს, კათალიკოზმა თავდაცვითი პოლიტიკისათვის ეკლესიის მმართველობის ცენტრალიზება (მონარქისტული ელემენტებით) არჩია. ეს მოითხოვდა პერიფერიის, ეპარქიების, მღვდელმთავრების, სამრევლოებისა და სასულიერო პირების სრულად მასზე დამოკიდებულებას. ცენტრი მისი ხელით წარმართავდა საეკლესიო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და ხშირად, უმნიშვნელო ცვლილებასაც კი მისი ნებართვა სჭირდებოდა.
-
ეკლესიის საგარეო პოლიტიკა – შეიძლება შეფასდეს, როგორც სვლა გახსნილობიდან იზოლაციისაკენ. ამის მაგალითია საბჭოთა ეპოქაში საგარეო ასპარეზზე გასვლა, ეკუმენური თუ ინტერრელიგიური ფორუმები, საღვთისმეტყველო დიალოგები, საერთომართლმადიდებლური შეხვედრები და ა.შ. ეს, ერთი მხრივ, საბჭოთა რელიგიური პოლიტიკის გაგრძელება იყო საკუთარი მიზნებით, თუმცა ივერიის ეკლესიისათვის ერთადერთ ფანჯარას წარმოადგენდა, რათა გარეთ გაეხედა და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა, რაც მის ტოტალიტარიზმის მტვერში მივიწყებულ წარსულს კვლავ სინათლეს მოჰფენდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ნაციონალიზმთან შერწყმულმა რელიგიურობამ სრულად შთანთქა ეკლესიის გარე სამყაროსთან, სხვა რელიგიებთან თუ ეკლესიებთან გაბედული ურთიერთობის წინარე გამოცდილება. რელიგიური თავისუფლების სიომ ეკლესიას უმრავლესობისა და დომინანტის როლიც არგუნა, რაც წარმატებაც იყო და, იმავდროულად, ცდუნებაც საკრალური თვითკმარობისა და თვითიზოლაციის გზაზე. ამის მაგალითებს ვხედავთ ინტერრელიგიური თუ ეკუმენური ფორუმებიდან გამოთიშვაში, საღვთისმეტყველო იზოლაციაში, საერთომართლმადიდებლურ ერთობასთან არასაკმარის კავშირებსა და რელიგიურ უმცირესობებთან უსამართლო დამოკიდებულებაში… ვფიქრობ, ეს მისი პირადი არჩევანი არ იყო, ეს გახლდათ პოსტსაბჭოთა რელიგიურობის თანმდევი სულისკვეთება, რომელიც აღტკინებულ რელიგიურ მასებში იდეურად გაბატონდა…
-
სოციალური მშვიდობა და ნუგეშისცემა – რამდენიმე ომგამოვლილ და მარცხით აღსავსე ქართულ საზოგადოებას, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტების, სიღარიბისა და უნდობლობის ჟამს, რელიგია ერთადერთ მხსნელად მოევლინა. ამ ყოველივეს მშვენივრად გაართვა თავი კათალიკოზმა, რომელიც ცდილობდა სოციალური მშვიდობის შემოქმედი ყოფილიყო. წინა პოლიტიკური კრიზისებიდან გამომდინარე, რომელიმე მხარის დაჭერა მწარედ დარჩა ისტორიულ მეხსიერებაში. შესაბამისად, ბოლო ათწლეულები იყო მცდელობა ნეიტრალური პოზიციონირებისა, ზოგჯერ უსასრულო დუმილისა, რაც საზოგადოების ერთ ნაწილში სამართლიან ბრაზსაც იწვევდა. თუმცა, ის მაინც გახდა და დარჩება ქართულ საზოგადოებაში, ყველა ფენასა და ჯგუფში, ნუგეშისა და იმედის ფიგურად. ვფიქრობ, ხშირად შეეძლო მხარეების დაახლოების პროცესის წარმოება, სახალხო დიპლომატიის წარმართვა, სუსტის მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის არდავიწყებაც; განსაკუთრებით, ხიდების მშენებლობის მცდელობა აფხაზ და ოს ძმებთან. ის იყო საზოგადოებაში სოციალური მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, რამაც სამართლიანად შექმნა უზადო ავტორიტეტი ყველა თაობაში. მარტო შვილმკვდარი დედების საზოგადოება, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და მუდამჟამ მხარში ედგა, ასეულობით მშობელს ასულდგმულებდა იმედით და აძლევდა სიცოცხლის წყაროს, მიუხედავად უმძიმესი ტკივილისა…
კათალიკოზმა აწარმოა ჩვენს ეპოქაში ახალი მეხსიერების პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასთან და აფხაზ-ოსებთან ხიდების კვლავ შენების კუთხით, რასაც მტრის მეგობრად გარდაქმნის მცდელობა ახლდა თან. არცერთი მისი ეპისტოლე არ ყოფილა ამ გზავნილის გარეშე, მიუხედავად იმისა, მეორე მხარეს ეს აინტერესებდა თუ არა, იღებდა თუ არა კათალიკოზის გზავნილს, ან ჰქონდა თუ არა შედეგი მის ამ მცდელობებს…
თავისთავად, ორმოცდაშვიდი წლის ანალიზი ორ სიტყვაში წარმოუდგენელია, თუმცა გაბედულად უნდა შეფასდეს წარმატებაც და წარუმატებლობაც, გამარჯვებაც და შეცდომებიც. აღსანიშნავია, რომ მისი კათოლიკოსობის ჟამს არცერთი წერილი ან დოკუმენტი (მის მიმართ კრიტიკულიც კი) არ ნადგურდებოდა. შესაბამისად, არქივები და მათზე წვდომის შესაძლებლობა იტყვის თავის სათქმელს და ობიექტურად შეაფასებს მის განვლილ გზას!
დღეს ნამდვილად დასრულდა ერთი ეპოქა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში!
რა დაიწყება, რას ვიმემკვიდრევებთ და რა დაგვრჩა? ვნახავთ უახლოეს პერიოდში…
განსვენებულის ჩრდილი დიდხანს იქნება თანმდევი საპატრიარქო ტახტის ახალი მემკვიდრისათვის…
დაე, მოიხსენოს უფალმა…
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
