საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება, თუმცა ამის გაკეთება გაძვირდება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?
კუბი, რასაც კობახიძე ახსენებს არის ავტომობილის ძრავის მოცულობის საზომი ერთეული — კუბური სანტიმეტრი. მაგალითად, მანქანა, რომელსაც „ორიანი ძრავა“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა არის 2,000 კუბური სანტიმეტრი. 1.5-იანი ძრავა ნიშნავს 1,500 კუბურ სანტიმეტრს და ა.შ.
ავტომობილის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის (კუბების) და ავტომობილის წლოვანების მიხედვით იანგარიშება.
როგორ დაბეგრავს სახელმწიფო (კალკულაცია)
კობახიძის მიერ ნახსენები 4.5 ლარი ერთ კუბზე ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ძრავის სიდიდეზე.
ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია:
მაგალითად:
-
ეკონომიური მანქანა (1.5 ძრავა): 1500 X 4.5 = 6750 ლარი.
-
სტანდარტული სედანი (2.0 ძრავა): 2000 X 4.5 = 9000 ლარი.
-
ჯიპი (3.0 ძრავა): 3,000 X 4.5 = 13 500 ლარი.
რა ჯდება ახალი მანქანის განბაჟება?
ახალი (0-დან 3 წლამდე) მანქანების განბაჟება საქართველოში მნიშნელოვნად უფრო იაფია. ერთი კუბის ფასი 1.2 ან 1.5 ლარი ჯდება.
თუ მანქანა ჰიბრიდულია, მოქმედებს 50%-იანი შეღავათი. ანუ, ზემოთ მოყვანილი ტარიფები ნახევრდება. მაგალითად, 2025 წლის ჰიბრიდის შემთხვევაში, 1 კუბის ფასი იქნება არა 1.5 ლარი, არამედ 0.75 ლარი.
ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში სრულად თავისუფალია აქციზისა და დღგ-სგან. იხდით მხოლოდ მომსახურების მცირე საფასურს (დაახლოებით 150-200 ლარი).
