საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ირანის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 35 წლის სამირ გ-ა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
ამის შესახებ ინფორმაციას „მონიტორი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ქვემო ქართლში, მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა. შემდეგ, ორი წლის მანძილზე, რელიგიური განათლება ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა.
„რამდენიმე წლის წინ საქართველოში ბიზნესიც ჰქონდა ირანის მოქალაქესთან ერთად, გარდაბანსა და თბილისში ირანიდან შემოტანილ მარილს ყიდდა.
სამირ გ-მ ოჯახთან ერთად ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაც მოასწრო, მაგრამ ბელგიაში დამკვიდრების მცდელობა ოთხსულიანი ოჯახის დეპორტაციით დასრულდა“, – წერს „მონიტორი“.
დაკავებულის დედა, ა. გ „მონიტორთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ჯაშუშობას გამორიცხავს.
„ჩემი შვილი ჯაშუში არაა, ის ოჯახის წაყვანას აპირებდა იქ (კრეტაზე), ბავშვი სკოლიდან უნდა გამოეყვანა მაისში, რომ იქ დაგვესვენა. ჩემი შვილი ვერანაირად ვერ იქნება ჯაშუში! 35 წლისაა, ჯაშუში რომ ყოფილიყო, აქამდე ხომ გამოჩნდებოდა?“, – ამბობს დაკავებულის დედა.
2 მარტს საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 36 წლის ქართველი კაცი, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული ბაზა შეერთებული შტატებისთვის წარმოადგენს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.
მამაკაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აიყვანეს.
კრეტაზე მდებარე სუდის ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ახლახან ბაზას აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია მარაგების შესავსებად,, სანამ გეზს ახლო აღმოსავლეთისკენ აიღებდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ამოღებული ციფრული მტკიცებულებების შესწავლა.
საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილის ტელეფონში აღმოჩენილია ამერიკული ავიამზიდის ფოტოები. ამასთანავე, სამართალდამცავები იკვლევენ მამაკაცის შესაძლო კავშირს ირანში მყოფ პირთან, რომელთანაც კომუნიკაცია მობილური აპლიკაციის საშუალებით ჰქონდა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდის ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენება ჯერ არ მიუცია.
აღსანიშნავია, რომ ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი (აზერბაიჯანის მოქალაქე) დააკავა, რომელიც ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ კრეტაზე მდებარე საზღვაო და საჰაერო ბაზის სიახლოვეს ცხოვრობდა.
აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც შაბათს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელეს. ხელისუფლება იკვლევს, არის თუ არა კავშირი ამ ორ შემთხვევას შორის.
