სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, „ომბუდსმენმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა“.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად გავრცელება ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით.
„კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
