„ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონის აღსრულებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, უფლებამოსილი იქნება აუდიტის სამსახური.
შესაბამისი ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შედის.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სხვა რეპრესიული კანონების აღმასრულებელი არის აუდიტის სამსახური, „ეფექტიანად აღრიცხვასა და მონიტორინგისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ რუსული კანონის აღსრულებაც აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებაში გადავიდეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო მოიცავს სუბიექტებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. უნდა აღინიშნოს, რომ გარე ძალების მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს აგრეთვე არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწოფო აუდიტის სამსახური ახორციელებს გრანტის თანხმობის გაცემას და მიღების მონიტორინგს, ასევე, საქართველოს კანონით „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ამდენად, გარე ძალების გამჭვირვალობას და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანად აღრიცხვასა და მონიტორინგის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
