პაატა ალავერდაშვილს, რომელიც წუხელ რუსთაველის აქციიდან მომავალი დააკავეს, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფას ედავებიან.
ამის შესახებ ნეტგაზეთს პაატა ალავერდაშვილის ადვოკატმა, თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, იზოლატორის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, პაატა ალავერდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
173 მუხლის მე-2 ნაწილითაა დაკავებული, რაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი არ არის და ეს ინფორმაცია შეიძლება კიდევ შეიცვალოს.
ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ პაატა ალავერდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საგარეჯოს იზოლატორშია გადაყვანილი. ახლა ვნახე, თავს კარგად გრძნობს, რაიმე დაზიანებები არ აქვს. ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი იყო, როდესაც მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ჯერ სასამართლოს შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიყვანონ დღეს 6 საათამდე ან ხვალ 6 საათამდე ან შემდეგ გაათავისუფლონ და სხვა დროს დაიბარონ პროცესზე“, – განაცხადა თეო ზაქარაშვილმა.
8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის შემდეგ, აქციიდან მომავალი პროტესტის მონაწილეები, დავით ჩხეიძე და პაატა ალავერდაშვილი, პოლიციამ გააჩერა. ისინი, სავარაუდოდ, ერთად იმყოფებოდნენ დავით ჩხეიძის მანქანაში, სადაც ასევე ისხდნენ დავით ჩხეიძის ოჯახის წევრები.
პოლიციამ პაატა ალავერდაშვილი დააკავა. ამის შემდეგ ჩაუტარეს ნარკოტესტი დავით ჩხეიძეს. ფეისბუკით გაშვებულ ლაივში ისმის, როგორ უახლოვდება მას პოლიციელი ნარკოტესტის ჩატარებიდან დაახლოებით ნახევარ საათში და ეუბნება, რომ პასუხი დადებითია. მას შემდეგ, რაც დავით ჩხეიძე პოლიციელს პასუხობს, რომ ეს არის ტყუილი და ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არასდროს მიუღია, პოლიციელი ეუბნება, რომ შემოწმებაზე ნარკოლოგიურში უნდა წავიდნენ. შემოწმებაზე გადაყვანის შემდეგ დავით ჩხეიძის ორგანიზმში ნარკოტიკების კვალი არ აღმოჩნდა და ის გაათავისუფლეს.
