„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გამორიცხავს გამოსვლას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან, რომელსაც 2017 წელს თავად შეუერთდა.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ალტ-ინფოს პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერ ზურაბ მახარაძის შეთავაზების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სტამბოლის კონვენციასთან ან მისგან გამომდინარე კანონმდებლობასთან კითხვებია, მზადაა, ამ საკითხზე იმუშაოს.
კობახიძემ თავის დროზე გარკვეული კანონების მიღება უცხო ძალების ზეწოლით ახსნა.
„თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ ვერ გარისკავდა ხელისუფლება… შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება. როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან თქვა, რომ პრობლემურია იდეოლოგია, რომელიც უარყოფითად აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე.
„ამიტომ, მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, — დასძინა კობახიძემ.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. ამ დოკუმენტს შემოკლებით „სტამბოლის კონვენციას“ უწოდებენ, რადგან ხელმომწერთათვის 2011 წლის მაისში, სწორედ სტამბოლში გაიხსნა.
მხარეების მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO).
სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს ქალთა და ოჯახში ძალადობისგან დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნას. კონვენცია კრძალავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, ადევნებას, იძულებით ქორწინებას, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, იძულებით აბორტს და სტერილიზაციას.
ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს. მათ შორისაა ოჯახური ძალადობაც, რომელიც არაპროპორციულად, დიდი მასშტაბით ეხება ქალებს. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში, სხვა გზებთან ერთად, შესაძლებელია პოლიციისათვის დამნაშავის თავისი სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.
კონვენცია ეხება არა მხოლოდ ქალებს, არამედ ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლს (მათ შორის კაცებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს), თუმცა ხაზს უსვამს, რომ ქალები გენდერული ნიშნით ძალადობის უფრო ხშირი მსხვერპლნი არიან.
საქართველომ სტამბოლის კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წელს, ხოლო კონვენციის რატიფიცირებას და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 24 კანონში მხარი დაუჭირა 2017 წელს.
ევროსაბჭო: საქართველო 23–ე ქვეყანაა, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა
