“მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მე იმის მეშინია, რომ ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე” – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი კახა კალაძის განცხადებას.

თბილისის მერს დღეს კითხვა დაუსვეს ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე, ამერიკულ გამოცემა The Hills-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სახელწოდებით – “საქართველო ირანისთვის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა”. კვლევაში საუბარია ქართულ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციაზე.

“მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ეს არის ქვეყნის ღალატი […] მე ვფიქრობ, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ… ამ ტიპის ცრუ განცხადებები საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

[…] ყველაზე დიდი ტერორისტები ეს ადამიანები არიან, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს. აი, ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველას, არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ ვინც ქვეყნის მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული … ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება. ისინი არიან დაქირავებული ადამიანები, სხვა ქვეყნის სამსახურში, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის გარდა დღეს ხიდაშელი გააკრიტიკა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ. მან ყურადღება გაამახვილა ხიდაშელის განცხადებაზე, რომელიც ეხება გარდაბანში მოქმედი ირანულ სასწავლებელს, ე.წ. ალი-მუსტაფას უნივერსიტეტს. ხიდაშელის თქმით, ეს არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული სასწავლების ერთგვარი ფილიალი, რომელიც საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს. ვოლსკის თქმით, გარდაბანში მოქმედი დაწესებულება არის 100 კვადრატული ფართობის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ყურანს სწავლობენ. ვოლსკის შეფასებით, ხიდაშელის განცხადება არა მხოლოდ სიცრუე, არამედ დანაშაულიცაა.

თინა ხიდაშელი გამოეხმაურა კალაძის განცხადებასაც და ვრცლად ისაუბრა გარდაბანში მოქმედ ირანულ სასწავლებელზეც.

“მე მოვისმინე მისი [კალაძის] სიტყვები, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით იმუქრება – ის მიმართავს სამართალდამცველებს, რომ დაინტერესდნენ ჩემით და ბოლოში ისევ მიბრუნდება და ამბობს, რომ აუცილებლად ამისთვის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მაგის სიტყვებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მაყურებელმა იცოდეს, რაზეა საუბარი და ასევე, მან [კალაძემ] გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – რას გულისხმობს, როდესაც ჩემზე საუბრობს და როდესაც ამ კონკრეტულ თემაზე საუბრობს? ანუ, რასთან აქვს პრობლემა, რომელ ნაწილთან? რას თვლის, რომ არასწორად კომუნიცირებულია?

[…] გარდაბნის რაიონში ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი” – საბედნიეროდ, მას აკრედიტაცია არ აქვს მიღებული და ის ფორმალურად უნივერსიტეტი არ არის, თუმცა ბატონი ვაშაყმაძე მას მოიხსენიებს როგორც უნივერსიტეტს [ზაზა ვაშაყმაძე – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი]. ეს არის დაწესებულება, რომელიც ირანში არის რეგისტრირებული, რევოლუციის [ისლამური რევოლუცია, 1979] გამარჯვებისთანავე, და დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. დოკუმენტებში, რომელიც სანქცირებას შეეხება, ისევე როგორც კონგრესის გადაწყვეტილებაში, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წერია მიზეზები, რომლის გამოც ის არის დასანქცირებული და ერთ-ერთი ამ მიზეზთა შორის გახლავთ ის, რომ ეწევა რეკრუტირებას იდეოლოგიური წინააღმდეგობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ზრდის ახალგაზრდებს ამ იდეოლოგიით. ამ დოკუმენტებში, ასევე, ცალსახად წერია, რომ გუშაგთა არმია წევრების მოსამზადებელი ერთ-ერთი ინსტიტუციაა.

ამიტომ, ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ირანში ფუნქციონირებს, არავითარი კითხვები არ არის – რა მიზნით არის შექმნილი, რა ფუნქციის და ინტერესის მატარებელია; არც იმასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომ მისი წარმონაქმნი არის ის, რაც გარდაბანში ფუნქციონირებს – არსებობს ფოტომასალა. მაგალითად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ე.წ. რექტორთან ერთად, ირანიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად; არსებობს ირანში გადაღებული ფოტომასალა, როდესაც ალი ხამენეის ხვდება ბატონი ვაშაყმაძე და იგივე ადამიანები, ვინც აქ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წარმოადგენენ და ბევრი სხვა. მე არასოდეს, არცერთ სიტყვას არ ვამბობ, თუ არ მაქვს ამისი აბსოლუტურად მტკიცედ დამადასტურებელი დოკუმენტები.

ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომ ეს წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს. იმიტომ, რომ აშშ-ის მიერ ის მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი მთავარი უჯრედი, რომელიც ამზადებს გუშაგთა არმიას […] მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე და მის მომავალზე, რომ პრობლემით დაინტერესდეს და არა იმით, ვისი განცხადება მოსწონთ და ვისი არ მოსწონთ. მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია. ეს ძალიან კარგად იცის მანაც და ყველამ. მე იმის მეშინია, რომ ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს პრობლემა იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში იღებს და ირანთან ურთიერთობებში განსაკუთრებით მზარდად ავითარებს ურთიერთსიყვარულზე თუ ურთიერთერთგულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს”, – განაცხადა ხიდაშელმა TV პირველის ეთერში.

თინა ხიდაშელის ორგანიზაციამ, “სამოქალაქო იდეამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება ქართულ-ირანული ურთიერთობების ტენდენციებს. კონკრეტულად, კვლევაში საუბარია ირანული ნავთობის იმპორტიორ კომპანიებსა და მათ კავშირებზე საქართველოში, მათ შორის- საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. აღნიშნული კომპანიებიდან ნაწილი დაკავშირებულია “ქართული ოცნების” შემომწირველებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან.