საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათიამ თურნავა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POS TV-ის სანქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ქართული კანონმდებლობის მიხედვით უნდა იმოქმედონ.
ნათია თურნავას კომენტარს თავად სანქცირებული „იმედი“ ავრცელებს.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, — აცხადებს ნათია თურნავა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.
დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
