„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, ფართოვდება გრანტის ცნება, რაც სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერ პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან, კერძოდ:

  • ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
  • კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
  • ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
  • თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით:

  • „გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
  • სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
  • კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
  • სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, ემსგავსება პარტიას.

დამატებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას. კერძოდ:

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
  • ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.“