„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსოფლიოს მდგრადი ვაჭრობა სჭირდება, რომლისთვისაც არა იზოლაცია, არამედ ინტელექტუალური დივერსიფიკაციაა საჭირო.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 3 თებერვალს დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.

მსოფლიოს სჭირდება არა ნაკლები, არამედ უფრო მდგრადი ვაჭრობა. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა – მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.

ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას.

„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს – მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე.

მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, დღეს მსოფლიოს კომერციული მარშრუტები არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება.

„გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდა საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში.

აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.

ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებით არ იქმნება.

„არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი, მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე – სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არაა პოლიტიკით შეზღუდული და სადაც მშვიდობა არა მხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგიაც.

ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებიდან კი არა, ხიდებიდან იქმნება. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ერების სიმდიდრე ამ ხიდების მშენებელზეა დამოკიდებული. საქართველო მზადაა, ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.