მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომ მედიას ნორმალური პირობები ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პირობები უკიდურესად კრიტიკულია და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა  სასამართლო პროცესების გაშუქებისას, სადაც მედიის მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ დაწესებული უკანონო შეზღუდვები პირდაპირ აისახება ჟურნალისტების სამუშაო გარემოსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოებისთვის.

„სასამართლო შენობასა და ეზოში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღების აკრძალვის შემდეგ, ჟურნალისტები და ოპერატორები თვეების განმავლობაში დილიდან საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში – ზამთარში ყინვაში, ზაფხულში კი უკიდურეს სიცხეში. ისინი თითქმის ყოველდღიურად აშუქებენ პროცესებს შენობის შესასვლელიდან, ხშირად საათების განმავლობაში, ამინდისა და ტემპერატურის მიუხედავად. არ არსებობს ტექნიკურად გამართული სივრცე, სადაც მედიის წარმომადგენლებს ელემენტარული სამუშაო პირობები ექნებოდათ. მაღალია რისკი ფიზიკური და ჯანმრთელობის დაზიანებისა.

დამოუკიდებელი მედიისთვის დაწესებული უკანონო შეზღუდვები კიდევ უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესი. ამ პირობებში საზოგადოების ინფორმირების პასუხისმგებლობა დამოუკიდებელ მედიას ეკისრება, თუმცა მათ ამის გაკეთება ფაქტობრივად ქუჩიდან უწევთ.

დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ პროფესიულ დისკომფორტზე. არსებული რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები მუშაობენ არაადამიანურ პირობებში, ძალადობის დაუსჯელობისა და ინსტიტუციური გულგრილობის ფონზე. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას, რაც ნათლად აჩვენებს როგორც მედიის მძიმე მდგომარეობას, ისე მათი საქმიანობის კრიტიკულ მნიშვნელობას საზოგადოებისთვის.

არსებული მდგომაროების გათვალისწინებით იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომ მედიას ნორმალური პირობები ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად“, – ნათქვამია მედიის კოალიციის განცხადებაში.


„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე აუდიოჩაწერა 2025 წლის ივნისში აკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სინდიდის პატიმრების, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო სხდომებზე ადვოკატებმა არაერთი ცრუ მოწმე ამხილეს. სიცრუეში ამხილეს პოლიციის მაღალჩინოსნებიც, ჟურნალისტებმა კი, ეს ამბავი საზოგადოებამდე მიიტანეს.

კანონში შესული ცვლილებებით ვიდეოს და ფოტოს გადაღება, ასევე აუდიო ჩაწერა აიკრძალა, როგორც სასამართლო სხდომათა დარბაზში, ისე სასამართლოების შენობებში, ეზოებში.

ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები – ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ფოტო: მედიაჩეკერი