საქართველოს მესამე პრეზინდეტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ილჰამ ალიევის განცხადება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშუტის შესაძლო შეცვლის შესახებ ანგრევს ყველაფერს, რასაც  ქვეყანამ წარსულში მიაღწია.

„ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ.

საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება, ან ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმებით, ან მაფიოზი ივანიშვილის მარწუხებიდან თავის დაძვრენით და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე, ხელახლა გასვლით“, – ვკითხულობთ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შორს არაა დღე, როცა ტვირთების გადაზიდვა, რაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი დერეფნით ხორციელდება, სომხეთის გავლით მოხდება.

ფორუმზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივებს ქვეყნებს შორის მშვიდობის მიღწევის შემდეგ; სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თანამშრომლობის განახლებას, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც დღეის მდგომარეობით საქართველოს გავლით ხორციელდება.

დავოსის ფორუმზე სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანმაც იმედი გამოთქვა, რომ ტრანსპორტირება მალე პირდაპირ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განხორციელდება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლის გარეშე.

მანამდე, ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტარიფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისას.

კიდევ რამდენიმე დღით ადრე, ასევე  გასული წლის  დეკემბერში, აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა. გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს სცდის“. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართულ მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებდა.

  • აზერბაიჯანი და სომხეთი ტვირთების გადაზიდვას საქართველოს გვერდის ავლით გეგმავენ