პოლიციელი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, ამჟამად შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს.

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. ბათუმიდან წასული დგებუაძე თავდაპირველად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე დანიშნეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ თანამდებობაზე ცოტა ხნით იმუშავა და მალევე გახდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ირაკლი დგებუაძე ამ პოზიციაზე რამდენიმე თვეა დანიშნეს.

სამმართველო, რომლის უფროსადაც დგებუაძე მუშაობს, იძიებს და ებრძვის არა კერძო პირებს შორის მომხდარ კონფლიქტებს და უკანონობებს, არამედ სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფინანსური რესურსი და დანაშაულებრივი მიზანი. მათ შორის:

  • ქურდულ სამყაროსთან და “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლა
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა
  • კიბერდანაშაულთან ბრძოლა
  • მიმალვაში მყოფი პირების გამოვლენა და ა.შ.

ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია „მზია ამაღლობელის საქმეში“ – ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის თქმით, სილის გაწვნის შედეგად მას ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული არაერთი სხვა პირი ადანაშაულებდა ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში. არც ერთი ეს შემთხვევა პროკურატურას არ გამოუძიებია.