22 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ „Trend“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრებმა აზრები გაცვალეს სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობისთვის გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე და დიალოგის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.