“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, მურთაზ ზოდელავას ბრალი უკვე წარუდგინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას, ხოლო ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ორივე მათგანი დააკავეს 11 სექტემბერს.

სახელმწიფო ბრალდება ხაბეიშვილს ედავება სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას:

  • 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) – მოხელისთვის ან მასთან გათანაბრებული პირისთვის, პირდაპირ, ან არაპირდაპირ, მისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის, ან სხვა რამე არამართლზომიერი სარგებლის დაპირება, შეთავაზება, ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას, ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განხორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორცილებეისგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • 317-ე მუხლი – საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან ასეთი მოწოდების შემცველი მასაის გავრცელება, აგრეთვე, ამ მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება.აღნიშული მუხლი ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას.

“ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თავდაპირველად განრცელდა ინფორმაცია, რომ მას ედავებოდნენ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა საბოლოოდ, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა გამოძებისთვის ხელის შეშლის მუხლით.

” მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ამავე თემაზე: