ფინეთში ასამართლებენ გემის ქართველ კაპიტანს და მეზღვაურებს, რომელთაც ბრალად ედებათ 2024 დეკემბერში ფინეთსა და ესტონეთს შორის, ზღვაში გამავალი, წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანება.

ბრალდებული არიან გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორია და მისი ორი თანაშემწე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე ინდოეთის.

მათ ბრალად ედებათ რუსული პორტიდან გამოსული გემით (Eagle S) ბალტიის ზღვაში, ფინეთის ყურეში, ხუთი საზღვაო კაბელის, მათ შორის ელექტრო და  სატელეკომუნიკაციო კაბელების, დაზიანება ზღვის ფსკერზე ღუზის გათრევით. ბრალის ფორმულირების თანახმად, გემი რამდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ჩაშვებული ღუზით მოძრაობდა იმისათვის, რომ წყალქვეშა კაბელები დაეზიანებინა.

კაბელების დაზიანების შემდეგ, ფინეთმა ტანკერი დააკავა. ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ, ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. თავდაპირველად ეჭვმიტანილი იყო ეკიპაჟის 9 წევრი, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი სამამდე შემცირდა და ახლა გამოძიება დავით ვადაჭკორიასა და მისი 2 თანაშემწის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Eagle S რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” ეკუთვნის, რომლითაც სანქციების დაწესების შემდეგ კრემლი თავის ნავთობს ყიდის და 2025 წლის მაისში ევროკავშირმა მას სანქციებიც  დაუწესა.

პროკურორის განცხადებით, რომ არა ფინეთის ხელისუფლების ჩარევა, გემი, რომელიც კუკის კუნძულებზეა რეგისტრირებული, კიდევ უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდა.

„საშობაო არდადეგების დროს, როდესაც ფინეთში კაბელის დაზიანება აღმოაჩინეს, ფინეთის ხელისუფლება Eagle S-თან კონტაქტზე გავიდა. სასაზღვრო დაცვის საგანგებო რეაგირებისა და კარჰუს პოლიციის ჯგუფები Eagle S-ზე ავიდნენ შობის მეორე დღეს, შუაღამის შემდეგ ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ გემს ტანკერის ღუზა აეწია. ფინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების გარეშე გემი გააგრძელებდა გზას და მეტ ზიანს გამოიწვევდა“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, Eagle S-ით მიყენებული ზარალმა დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგინა. მისი თქმით, კაბელების მფლობელები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მეზღვაურები მათ მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატების თქმით, ეს არა განზრახი ქმედება, არამედ “საზღვაო ინციდენტი” იყო.

დამამძიმებულ გარემოებებში ჩადენილი ვანდალიზმისთვის მაქსიმალური სასჯელი ათი წელია. პროკურორი ბრალდებულებისთვის მინიმუმ ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

იყო თუ არა ეს დივერსია?

გასული წლის ბოლოს და მას შემდეგ, ფინეთში დიდი საჯარო დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა Eagle S გემის კაპიტანს და მის თანაშემწეებს ფინეთის ყურეში კაბელების დაზიანების დავალება მიღებული.

კაბელის დაზიანების შემდეგ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ეს არ შეიძლებოდა მხოლოდ უბედური შემთხვევა ყოფილიყო.

ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანება Eagle S-ის ინციდენტამდეც მოხდა. ინციდენტის შემდეგ ფინეთში ყურადღება რუსეთისკენ იყო მიმართული.

თუმცა, ფინური მედიის ცნობით, პროკურორი თავის ბრალდებაში არ ახსენებს, რომ ეს დივერსია იყო.

ბრალდებულები უარყოფენ, რომ კაბელის გაწყვეტისას განზრახ მოქმედებდნენ. ბრალდებულების თქმით, მათ ვერ შენიშნეს ღუზის ჩამოვარდნა და შედეგად, კაბელის დაზიანება.

„ეს ზღვაში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა იყო. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს უდანაშაულობაში. ეს [კაბელის გაწყვეტა] შემთხვევითი იყო. თავიდანვე ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან. ჩვენ პატივს ვცემთ მართლმსაჯულების სისტემას და ვენდობით ამ სასამართლო პროცესს. ჩვენ გვჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა გემის კაპიტნის თანაშემწემ, რობერტ ეგიზარაიანმა.