ორმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი კუპრაძე წარადგინა. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი.
იგი კანდიდატად 18 აგვისტოს საზეიმოდ წარადგინეს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა.
„ჩვენ ვემზადებით ბრძოლისთვის, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი”, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„არ გავურბივართ უთანასწორო ბრძოლას და შევდივართ პირდაპირ იმ წინააღმდეგობაში, სადაც გვაქვს გამარჯვების იმედი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძემ, თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე დაასახელა, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად – „ლელო —ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და გახარიას პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი.
„კარგად გვესმის, რომ ვერთვებით უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში,მაგრამ გვესმის ისიც, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ და „ოცნების“ რადიკალური და მოძალადე რეჟიმი მშვიდობიანი, მაგრამ ამავე დროს მწვავე და პრინციპული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკური წინააღმდეგობით უნდა დავამარცხოთ! გვესმის, რომ ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, როცა ყველა სახელისუფლო რესურსი ერთი პარტიის ხელშია კონსოლიდირებული. ამიტომ დღეს, ამ ბრძოლას ახალი ენერგია და ახალი სინერგია სჭირდება!
დღეს, ამ ბრძოლის წინა ხაზზე ახალი თაობის პოლიტიკოსები, პროფესიონალები, ღირსეული და კეთილსინდისიერი პატრიოტები გამოდიან! გამოდიან იმისთვის, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, დავასრულოთ ოცნების და კალაძის კორუმპირებული მმართველობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში“, — განაცხადა „გახარია — საქართველოსთვის“ და „ლელო — ძლიერი საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ.
2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები — მასში არ მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ მთავრობას და ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.
