აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს, 15 აგვისტოს, ალასკაში შეხვდებიან.
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) არის დაანონსებული.
ეს აშშ-ში პუტინის პირველი ვიზიტია 2015 წლის შემდეგ, როცა ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას დაესწრო. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები (ბაიდენი და პუტინი) ბოლოს 2021 წლის ივნისში, ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ და იმ ფონზე, როდესაც ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული, რუსეთის ლიდერს ბევრ ქვეყანაში არ ჩაესვლება. თუმცა აშშ არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და არ აქვს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ვალდებულება, არც ნება.
შეხვედრის ადგილად ალასკის შერჩევა მოსკოვში მეზობლობის გეოგრაფიული ფაქტორით ახსნეს. ამასთან, ანკორიჯი ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან თითქმის თანაბრადაა დაშორებული. ადგილი ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობისაა.
„პარასკევს რუსეთში მივდივარ“, — შეეშალა ტრამპს 11 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
1867 წლამდე, ვიდრე აშშ 7,2 მლნ დოლარად იყიდდა, ალასკა რუსეთის ტერიტორია იყო.
იმავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა არ გამორიცხა რუსეთსა და უკრაინას შორის „ტერიტორიების გაცვლა“. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ამ დროისთვის არ აქვს ოკუპირებული რუსეთის ტერიტორია, საუბარია, უკრაინისვე ტერიტორიების გაცვლაზე. მოსკოვს გაცხადებული პრეტენზია აქვს უკრაინის ოთხი რეგიონზე, — დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე, — რომლებიც კონსტიტუციაში შეტანილი და პუტინის ხელმოწერილი ცვლილებებით, რუსეთის „შემადგენლობაში შევიდა“, თუმცა სრულად ვერ აკონტროლებს.
სრულმასშტაბიანი ომის სამი წლის შემდეგ, რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის 20%-მდე, (2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით აკონტროლებდა 7%-ს), მათ შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვი და ხერსონის სამხრეთ რეგიონები. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს მთელ ლუგანსკს, დონეცკის უმეტეს ნაწილს, და ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაახლოებით 70-70%-ს. მედიაში განიხილება სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე ვერსია, მათ შორის:
- მოსკოვმა დათმოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაკავებული ტერიტორიები მთელი დონბასის სანაცვლოდ, რაც ნაკლებ სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ისედაც აქვს სამხედრო წინსვლა დონბასში, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის ნაწილად აქვს გამოცხადებული;
- რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას დონბასის სანაცვლოდ;
- უკრაინას დაუბრუნდეს სუმისა და ხარკოვის ოლქებში რუსეთის მიერ ოკუპირებული მცირე ტერიტორიები.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება მკვდარშობილია და მშვიდობას არ მოიტანს, ასევე უარყო ტერიტორიების გაცვლის იდეა.
კიევის მოკავშირე ევროპული ქვეყნების პოზიციაა, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი ცეცხლის მიმდინარე კონტაქტის ხაზზე შეწყვეტა იყოს.
The Telegraph-ის ცნობით, დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ პუტინს შესთავაზოს ეკონომიკური სტიმულების მთელი რიგი, მათ შორის — ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ოკუპირებულ უკრაინის მიწებზე სასარგებლო წიაღისეულზე წვდომა და რუსეთის საავიაციო სექტორისთვის სანქციების ნაწილის მოხსნა.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების მომზადებაში ჩართულია აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელიც სწავლობს, რა ეკონომიკურ დათმობებზე შეიძლება წავიდეს აშშ, რათა დააჩქაროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
ალასკის შეხვედრამდე ტრამპი ევროპელებს დაჰპირდა, რომ ტერიტორიულ დათმობებზე მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინა გამართავს.
მისი თქმით, ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებაზე რუსეთის პირობების გასარკვევადაა, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად კი დამატებითი შეხვედრები იქნება საჭირო.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის პირველ ორ წუთში მიხვდება, შესაძლებელია თუ არა გარიგების მიღწევა.
შეხვედრის შემდეგ ის ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდება.
„ფსონი მაღალია“, — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, ალასკისკენ გზად.
„მართალია, ფსონები ძალიან მაღალია. მთავარი ის არის, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი საუბრისკენ ლიდერებს შორის სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთის მხარე. დროა, ომი დასრულდეს და საჭირო ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს“, — დაწერა ზელენსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე ჩავიდა ტანსაცმელზე წარწერით — СССР.
ვლადიმერ პუტინი პარასკევს, ალასკისკენ მიმავალ გზაზე მაგადანში გაჩერდა, ადგილობრივ მთავრობასთან მაგადანის განვითარების გეგმები განიხილა, მოინახულა ომეგა 3-ის შემცველი კაფსულირებული საკვები დანამატების საწარმო და დაათვალიერა საპრეზიდენტო სპორტული კომპლექსი, რომელიც 2023 წელს გაიხსნა.
რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს ალასკაში უკრაინის მხარდამჭერი აქციით ხვდებიან.
დონალდ ტრამპი ანკორიჯში 16-კაციანი დელეგაციით გაემგზავრა, რომელთა შორის არიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რუსეთის დელეგაციაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კირილ დიმიტრიევი.
CNN-ის თანახმად, დელეგაციებში ბიზნეს და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული პირების ჩართვა მიუთითებს, რომ სასაუბრო თემები შესაძლოა, გასცდეს ომს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს 50-დღიანი ვადა მისცა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციების დაწესების პირობა დადო.
