თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ღია წერილით მიმართავს სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. 


მის აღმატებულებას ბატონ ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს;
მის აღმატებულებას ბატონ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს;
და სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ღირსეულ ხალხებს

თქვენო აღმატებულებებო,
ჩვენო სომეხო და აზერბაიჯანელო დებო და ძმებო,

ღრმა სიხარულითა და უდიდესი პატივისცემით გილოცავთ თქვენ და თქვენი ქვეყნების ღირსეულ ხალხებს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვაშინგტონში, რომელმაც დაასრულა სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება იმედად გვევლინება მთელ სამხრეთ კავკასიაში. თქვენი მრავალწლიანი დაპირისპირების ფესვები ნაწილობრივ დევს იმპერიალისტურ და კოლონიურ პოლიტიკაში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ჩვენმა რეგიონმა საბჭოთა ეპოქიდან. ამ მტკივნეული ისტორიის დაძლევა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი წყენის გადალახვა და საერთო მომავლისკენ სწრაფვა არის დიდად დასაფასებელი,  სახელმწიფოებრივი გამბედაობის მაგალითი, რომელიც შთააგონებს არა მხოლოდ თქვენს ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.

ჩვენ, ქართველები, გულით ვხარობთ ამ ახალი განთიადის ხილვით და მასში ვხედავთ კავკასიის ყველა ერისა და თემისათვის მშვიდობიანი განვითარების და თანაცხოვრების გზას. ეს მოვლენა გვაძლევს რწმენას, რომ წარსულის ტვირთი და კოლონიური მემკვიდრეობა შეიძლება დაძლეულ იქნეს, რათა დამყარდეს ნდობაზე, შერიგებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მომავალი.

ჩვენ ასევე გულწრფელად ვუხდით მადლობას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და დიპლომატიურ თემს მათი სამშვიდობო როლისათვის, რომელმაც შესაძლებელი გახადა ორ ქვეყანას შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. მათი ურყევი ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის საქმეში უყოყმანოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.

ეს შეთანხმება უნდა გახდეს არა მხოლოდ ომის დასრულების ნიშანი, არამედ დასაწყისი ახალი ეპოქისა, რომელშიც ძალას მოიკრებს მშვიდობიანი თანამშრომლობა და განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების პატივისცემა ყველა ურთიერთობის საძირკვლად იქცევა

ჩვენ იმედით მოველით, რომ იგი მოიტანს კეთილდღეობას, დაიცავს ადამიანის ღირსებას და მომავალ თაობებს გადაულოცავს რეგიონს, რომელიც აღარ განისაზღვრება მისი ჭრილობებითა და წყლულებით, არამედ საერთო ადამიანურობით.

ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანასომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოერთად გახდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და დემოკრატიის მედროშეები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამყაროს კეთილდღეობის საქმეში.

მშვიდობის საკათედრო ტაძარი მზად არის ლოცვით, მეგობრობითა და ყოველგვარი ინტერკულტურული და ინტერრელიგიური თანამშრომლობით თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

პატივისცემით,

მალხაზ სონღულაშვილი,
თბილელი მიტროპოლიტი
მშვიდობის საკათედრო ტაძარი
საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია