მშვიდობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის წყაროების ცნობით ვაშინგტონში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის დროს, 8 აგვისტოს უნდა გაფორმდეს, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს აცნობეს, რომ შეთანხმების თანახმად, სომხეთი აპირებს აშშ-ს გადასცეს ექსკლუზიური, გრძელვადიანი განვითარების უფლება სატრანზიტო დერეფანზე, რომელსაც ეწოდება: „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (Trump Route for International Peace and Prosperity), შემოკლებით — TRIPP.

ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.

ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი, როგორც ვაჭრობის ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს რეგიონის გახსნას და მომავალი სამხედრო კონფლიქტების თავიდან აცილებას.