საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა კამპანია დაიწყო პატიმრობაში მყოფი საბა სხვიტარიძის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით.

საბა სხვიტარიძე, აქტივისტი და პარტია „ახლის“ წევრი, 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას და შემდეგ, ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. დაკითხეს ადვოკატის გარეშე. საათების განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ამასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ფორმალურად დაწყებულია, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საბა სხვიტარიძის განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მკაცრი რეჟიმის ციხეში, მაღალი რისკის მქონეებად შეფასებული პატიმრების კოლონიაში. თუმცა ბრალი, რაც საბა სხვიტარიძეს თუნდაც აქამდე ჰქონდა წაყენებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს არ ითვალისწინებდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს წერილს გიორგი გაბიტაშვილის, გენერალური პროკურორის მისამართით და მოუწოდებს ყველას, რომ იხელმძღვანელონ ნიმუშით და მსგავსი წერილი მისწერონ მას.

„საბას დაკავება და მისდამი მოპყრობა დაკავების შემდეგ, აშკარად შურისძიების ნიშნებს ატარებს — მიზნად ისახავს მისი დასჯით დაშინების ეფექტის შექმნას და სხვა მოქალაქეებზე გავლენის მოხდენას, რომ თავი შეიკავონ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისგან. მის საქმეში იმთავითვე ვლინდება ხელისუფლების მხრიდან უკანონო და შურისძიების შემცველი ქმედებები, რაც საერთო სურათის ნაწილია — სახელმწიფო მართლმსაჯულებას კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს“, — წერს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International.

ნეტგაზეთი გენერალური პროკურორისადმი გასაგზავნი წერილის ნიმუშს, რომელიც Amnesty International-მა შეიმუშავა, უცვლელად გთავაზობთ:


გიორგი გაბიტაშვილს,

საქართველოს გენერალურ პროკურორს,

მისამართი: გორგასლის ქუჩა N24, თბილისი, საქართველო

ბატონო გიორგი,

გწერთ, რომ გამოვხატო ღრმა შეშფოთება აქტივისტ საბა სხვიტარიძის მიმართ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ბრალდებების გამო. იგი 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში ხელისუფლების წინააღმდეგ. დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციის თანამშრომლები და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ადვოკატს და მიეღო სამედიცინო დახმარება.

მისი დაკავებასა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობას თან სდევს სამართლიანი სასამართლოს გარანტიების სერიოზული დარღვევები. პოლიციელებმა მას არ განუმარტეს დაკავების მიზეზები და მიუხედავად იმისა, რომ ასეთია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, არ ჩართეს კამერები, რაც ფორმებზე აქვთ მიმაგრებული. მათ ასევე ტელეფონები ჩამოართვეს საბასა და მის მამას, რომ ვერ დაჰკავშირებოდა ადვოკატს. დაკითხეს ადვოკატის არყოფნის პირობებში. მისი ადგილსამყოფელი ოჯახსა და ადვოკატს მხოლოდ დაკითხვიდან ხუთი საათის შემდეგ შეატყობინეს.

საბას თქმით, დაკავებისას მას დაემუქრნენ გაუპატიურებით და აიძულებდნენ ხელი მოეწერა „აღიარებით ჩვენებაზე“, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ის პოლიციელს თავს დაესხა. მას შემდეგ, რაც  ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ნიღბიანმა პოლიციელებმა სასტიკად სცემეს — 10 წუთის განმავლობაში უწყვეტად ურტყამდნენ თავსა და ნეკნებში, ჰქონდათ ხელის მოტეხის მცდელობა. საბა სხვიტარიძემ გონება დაკარგა. ამის შემდეგ პოლიციელები დასცინოდნენ მას და უგულებელყვეს მისი მოთხოვნა, მიეცათ ადვოკატთან დაკავშირებისა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ტკივილს განიცდიდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა.

საბას სხეულზე ცხადად ეტყობოდა დაზიანებები წინასასამართლო სხდომაზე, მაგრამ პროკურატურამ უარი თქვა წამოეწყო გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. გამოძიება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო — მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი დაზიანებები წამების შედეგად იყო მიღებული. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ საბას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და არ დაუსაბუთებია მსგავსი გადაწყვეტილების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა.

საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან საქართველოში, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი აქციების დროს წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. იგი ამჟამად მოთავსებულია მკაცრი რეჟიმის ციხეში და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მაშინ როცა მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც არ გამოძიებულა.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ საბა სხვიტარიძის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დროული, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება. პასუხი აგოს ყველა პასუხისმგებელმა პირმა სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ასევე მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ საბა სხვიტარიძის საქმე განხილულ იქნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა ის ჩვენება ან მტკიცებულება, რაც საბა სხვიტარიძის წამების ან არასათანადო მოპყრობის შედეგად იქნა მოპოვებული, არ იქნას გამოყენებული სამართალწარმოებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება ამგვარი მოპყრობის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემას.


რა ხდება?

პროკურატურა 24 ივლისის სასამართლო სხდომამდე ამტკიცებდა, რომ საბა სხვიტარიძე 4 დეკემბერს პოლიციელ მირიან ქავთარაძეს თავს დაესხა (მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და რკინის ხელკეტით მიაყენა დარტყმები თავის არეში. ამ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, საბას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

რა მოხდა სინამდვილეში:

ქორთიარდ მარიოტიდან შეხვედრის შემდეგ გამოსულ ოპოზიციონერებს შავებში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი და სამედიცინო პირბადიანი ხალხი დახვდა, აგრესიული განწყობით, ქცევითა და სიტყვებით. არ უპასუხეს კითხვებს, ვინ არიან და რა უნდათ. ერთ-ერთიმა ოპოზიციონერმა ქალმა, თეონა ჭალიძემ ერთ-ერთ შავოსანს, რომელსაც „ტიტუშკად“ თვლიდნენ, თავიდან კაპიუშონი მოხადა. კაცმა მარჯვენა ხელით სახეში დაარტყა თეონა ჭალიძეს, მარცხენით კი კაპიუშონი ისევ დაიფარა. ამის შემდეგ ჩაერია საბა სხვიტარიძე და, როგორც თავად ამბობს, მოძალადე კაცი, რომელიც ქალს ურტყამდა, მოიგერია.

სწორედ ეს შავოსანი კაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში და პირბადით, კაცი, რომელიც არ ამჟღავნებდა თავის ვინაობას და ქალს ურტყამდა სახეში, მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციელი მირიან ქავთარაძეა და საბა სხვიტარიძეს სწორედ მისი ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან (თანაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). კიდევ უფრო მოგვიანებით, უკვე სასამართლოში, მირიან ქავთარაძე დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ თეონა ჭალიძისთვის ხელი არ დაურტყამს და თეონა ჭალიძის სახისკენ მოქნეულ ხელს რომ ვხედავთ, ეს დარტყმას არ ნიშნავს.

საბა სხვიტარიძის საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია უძღვება. სასამართლოში 9 ივლისის სხდომაზე ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოები გამოიკვლიეს. ნეტგაზეთის მკითხველს შეგიძლიათ თავად განსაჯოთ, ჰგავს თუ არა მირიან ქავთარაძე ვიდეოში პოლიციელს, ურტყამს თუ არა ხელს თეონა ჭალიძეს და თავადვე გასცეთ კითხვა ერთ-ერთ სხდომაზე საბა სხვიტარიძის მიერ დასმულ კითხვას: „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემ ადგილას, თქვენ რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში გაერტყათ, საფრთხე შეგქმნოდათ თქვენს მეგობრებს და თქვენ. თავს დაუხრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით? გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას?“

აქვე მოუსმენთ საბა სხვიტარიძის ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს და საბას დედას, ელენე ახობაძეს.

„არსებული ინფორმაციით, საბა სხვიტარიძე დააკავეს ორდერის გარეშე, არ აუხსნეს დაკავების მიზეზი და უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში. საბას და მის მამას პოლიციელებმა მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, რამაც შეზღუდა დაკავების ეპიზოდის დოკუმენტირება და ადვოკატთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა.

[…] საბა აიძულეს ხელი მოეწერა „აღიარებით ჩვენებაზე“, უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები ჰქონდა და ტკივილს განიცდიდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის დაზიანებებს წამების ნიშნები ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ სხვიტარიძე არ ცნო წამების მსხვერპლად და გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წინ არ წაწეულა.

საბა სხვიტარიძე [აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, ე.წ. წინასწარ პატიმრობაში] მოთავსებულია მკაცრი რეჟიმის ციხეში, რომელიც, როგორც წესი, განკუთვნილია უკვე დამნაშავედ ცნობილი და უვადო პატიმრობის ქვეშ მყოფი პირებისთვის. იგი სრულ იზოლაციაშია მოთავსებული, ადამიანური კონტაქტის გარეშე პირობებში“, — წერს Amnesty International დამატებითი ინფორმაციის სახით, რაც გენერალური პროკურორისადმი მისაწერი წერილის ნიმუშს თან ერთვის.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ამ ვიდეოში მოუსმენთ საბა სხვიტარიძის მამას, რომელიც შვილის დაკავებას იხსენებს:

დღეს, 24 ივლისს, სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა. პროკურატურას მოუწია ეღიარებინა, რომ საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, მირიან ქავთარაძე, პოლიციელი, ვისზე თავდასხმასაც აქამდე ედავებოდნენ, პოლიციელი იქნებოდა. მას ახლა არა პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. ეს დღევანდელ, 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე გაირკვა.

სასჯელი, რასაც ეს გადაკვალიფიცირებული მუხლი ითვალისწინებს, არის ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საბა სხვიტარიძის განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიასგან სულ მალე უნდა ველოდოთ.