„ქართული ოცნება“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს დანიშნავს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ყაველაშვილის წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა“.

„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატის და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.

წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.

ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტებით, საკრებულოებიდან პარტიების კვოტები კოლეგიაში შემდეგნაირად ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ – 54 წევრი
„ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
„გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
„ძლიერი საქართველო — ლელო“ – 4 წევრი
„ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
„ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი
შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.