„დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, 23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი შეკრების დრო „ქართულმა ოცნებამ“ 16:00 საათიდან 19:00 საათამდე იმიტომ გადაწია, რომ იქ საჯარო მოხელეების იძულებით მიყვანა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არ ჩათვლოდათ.
„20 ოქტომბრის მარში – საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ხომ ყველამ ნახეთ, როგორი იყო? ყოველგვარი სატრანსპორტო კოლაფსის გარეშე, რეგიონებიდან ჩამომდგარი ასობით მიკროავტობუსისა და ავტობუსის გარეშე, ათიათასობით ადამიანი მოვიდა, საქართველოს და მის თავისუფლებას უმღერა და ქალაქისთვის ასევე უმტკივნეულოდ წავიდა.
და რა ხდება ქოცების აქციაზე? ჯერ დააანონსეს [აქცია] 16 საათზე, რეგიონებში ხალხი დროზე რომ გაუშვან უკან. მერე მიხვდნენ, რომ თბილისში, 16 საათზე, საჯარო სამსახურების იძულებით დაცლას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაუთვლიდნენ და გადაწიეს 19 საათზე. ერთი დღით ადრე გადაკეტეს თბილისის ქუჩები, ხვალ რეგიონებიდან იძულებით ჩამოიყვანენ სიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უმოტივაციო თანამშრომლებს და ბიძინა ისაუბრებს მის დასაბრუნებელ ფულზე და კაცის რძეზე, ხოლო შემდეგ ეს ჩამოყვანილი ხალხი ასევე უმოტივაციოდ წავლენ სახლებში. ეგაა განსხვავება თავისუფლებასა და თავისუფლების იმიტაციას შორის“, – წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე.
23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ შეკრებას გამართავს. ღონისძიება თავდაპირველად 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დაანონსებიდან მეორე დღეს დრო შეიცვალა და ის 19:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, ღონისძიების დაწყების დრო თბილისელთა თხოვნის საფუძველზე გადაწიეს, რადგან ეს დრო სამუშაო საათებს ემთხვეოდა და ამის გამო მისვლას ვერ ახერხებდნენ.
