„კინოსავით მაქვს წარმოდგენილი ეს სცენა, რომელიც თან არ მთავრდება და გამუდმებით ტრიალებს გონებაში. აივანზე გამორბის 8 წლის გოგონა და დედამისს, რომელიც გადასახლებაში მიჰყავთ, აივნიდან უყვირის, „დედა, უთხარი ბებიას, ნუ ტირის!“ მგონი, ამის მიღმა არანაირი ტკივილი არ არსებობს. ამაზე რთული, ალბათ, არაფერია“.
ეს პატარა გოგო ლამარა კოპაძეა, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა 1937 წელს, ერთი თვის შუალედში, ჯერ მამა წაართვა, შემდეგ კი დედის კალთას მოგლიჯა. იძულებით გადასახლებაში მიმავალი ქალი, რომელსაც ზურგში შვილის განწირული ხმა ეწევა, ლიზიკო აბზიანიძეა, ახალგაზრდა პერსპექტიული არქიტექტორი, აწ უკვე „ხალხის მტრის“ ცოლი, რომელიც ქმარს, ანდრო კოპაძეს ცოცხალს ვეღარასდროს ნახავს.
ანდრო კოპაძე 1937 წელს, დაკავებიდან 3 დღეში დახვრიტეს. ერთ თვეში გადაასახლეს მისი ცოლი, ლიზიკო აბზიანიძე, რომელიც ოჯახში მხოლოდ 9 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ლიზიკოსა და ანდროს შვილთაშვილი ნინო ისაკაძე (რომლის ბებიაც ლამარაა), ნეტგაზეთს უყვება ოჯახის ისტორიას, რომელიც ერთ-ერთია იმ ათასობით გამქრალი ისტორიებიდან, საბჭოთა რეჟიმის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში რომ დატრიალდა. თუმცა ეს კონკრეტული ამბავი შთამომავლებამდე ლიზიკო აბზიანიძე-კოპაძის ხელნაწერის სახით მოვიდა და დღე-დღეზე წიგნის სახითაც გამოიცემა — „ლიზიკოს მოგონებები“ მკითხველისთვის ივლისის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.
როგორ დაასრულა რეჟიმმა ერთი ოჯახის მყუდრო ყოველდღიურობა
დიდი ბაბუა, ანდრო კოპაძე, ჟურნალისტი იყო. სხვათა შორის, კომუნისტების რიგებში ირიცხებოდა. ძალიან წესიერი ადამიანი იყო და როგორც ძალიან ბევრს მაშინ, მასაც სჯეროდა, რომ კომუნიზმი სიკეთეს მოიტანდა, ვერ იქცეოდა ბოროტების მანქანად. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ის პირადად ბერიამ არ დაიბარა და არ მოსთხოვა, რომ დაეწერა მამხილებელი წერილი თავის ახლო მეგობარზე, კოლეგაზე, გაზეთის რედაქტორზე. ბაბუაჩემმა უთხრა ბერიას, მე ამ ადამიანს ვიცნობ, როგორც პატიოსან ადამიანს და მხოლოდ ეს შემიძლია დავწეროო. ბერიას თვალებში ჩაუხედავს და უკითხავს, ესაა შენი ბოლო სიტყვაო? მეტს ვერაფერს დავამატებო, უპასუხია ბაბუას და ასე დაემშვიდობნენ ის და ბერია ერთმანეთს.
სახლში რომ მოვიდა ანდრო, ცოლს, ლიზიკოს მოუყვა, რაც მოხდა. მან უთხრა, აქ დასრულდა ჩვენი ცხოვრებაო.

ძალიან მალევე გაისმა კოპაძეების კარზე კაკუნი. ანდროს მოაკითხეს და წაიყვანეს. არავინ იცოდა, სად, რამდენი ხნით. შემდეგ დაიწყო აუტანელი მოლოდინით სავსე დღეები ლიზიკოსთვის.
არ მინდა წარმოვიდგინო, როგორ ელოდებოდა და ემზადებოდა გადასახლებაში წასასვლელად, როგორ ამზადებდა პატარა შვილს და ხანდაზმულ დედას, სანამ წავიდოდა იქ, სადაც არ იცოდა, რა ელოდა და საერთოდ, დაბრუნდებოდა თუ არა.
რადიკალურად შეიცვალა დიდი ბებიის ცხოვრება. არავინ ელაპარაკებოდა, ფარდას ჩამოაფარებდნენ ხოლმე, როცა გაივლიდა. თვითონაც ერიდებოდა ადამიანებს, უკრძალავდა ძმებს, რომ სტუმრად მოსულიყვნენ. ახლობელს რომ დაინახავდა გზაზე, მეორე მხარეს გადადიოდა. არ უნდოდა, რომ სხვა ადამიანებიც ჩაეგდო მძიმე მდგომარეობაში. რამდენჯერმე მივიდა ციხეში, რომ ანდროს ამბავი ეკითხა, მაგრამ პასუხს ვერ იღებდა.
ერთი თვის თავზე კარზე მეორე კაკუნი გაისმა. ლიზიკო უკვე მზად იყო, ჩანთაც კი ჩალაგებული ჰქონდა.

გახლეჩილი ოჯახის პარალელური ყოფა მავთულხლართებს მიღმა და სარდაფში
ნახშირის გადამზიდავ ვაგონებში შეყარეს დიდი ბებია და კიდევ 300-მდე ქალი. გაშეშებულები იყვნენ ერთ ადგილას და ვერც მოძრაობდნენ. ისე ციოდა, რომ ლეიბები ვაგონების კედლებს ეყინებოდა. ერთი შეშის „ფეჩი“ იდგა შუაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ათბობდა. ტბორებთან აჩერებდნენ, იქიდან იღებდნენ ყინულს, ადნობდნენ და იმას სვამდნენ. პატარა გამხმარ თევზებს აძლევდნენ ცოტ-ცოტას საკვებად. დაახლოებით ერთი თვე მიდიოდნენ ახლანდელი ჟეზყაზღანის ტერიტორიისკენ [ქალაქი ყაზახეთში, რომელიც 1938 წლიდან შეიქმნა და იმ დროს ჯერ კიდევ შიშველი ტერიტორია იყო].
ერთი თვის თავზე ტყვეები ქალების ციხეში შეყარეს, სადაც მკვლელები და მძიმე დამნაშავე ქალები იხდიდნენ სასჯელს. რაო, ვერ გიშველათ ბიძათქვენმაო? სტალინს გულისხმობდნენ, დასცინოდნენ, კარებს უმტვრევდნენ, ემუქრებოდნენ და სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყო ამ ქალების ყოფნა ციხეში.
თვეზე მეტი იყო გასული, როცა დღევანდელ ჟეზყაზღანში წაიყვანეს, სადაც დახვდათ არაფერი, სრულიად მოშიშვლებული ტერიტორია, მავთულხლართები, ხის მორები, და თქვენ თვითონ დაბინავდითო. გამოთხარეს ამ ქალებმა დიდი ღრმული, გადაახურეს ეს მორები და იქ ცხოვრობდნენ ერთხანს.
ლიზიკოს პროფესია არქიტექტურა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერც გადარჩებოდა. ამ ქალების რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ. იკითხეს, არქიტექტორი თუ არის ვინმეო და აღმოჩნდა ლიზიკო, კიდევ ორი ქალი. წაიყვანეს. დიდი ბებია იხსენებს, ოთახში შევედი და პირველად ხელში რომ „რეისშინა“ [სპეციალური საზომი ინსტრუმენტი, რომელსაც არქიტექტორები იყენებდნენ] დავიჭირე, ტირილი ამივარდაო. ამაზე ახლობელი იქ არავინ მყავდაო, წერს. ამას რომ ვკითხულობ, ცუდად ვხდები. ჩემთვის სახაზავს ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან ბევრი სახაზავი გვაქვს სახლში. ლიზიკოს მონაწილეობით შეიქმნა ქალაქი ჟეზყაზღანი.
ლიზიკოს შვილი, ბებიაჩემი ლამარა და ლიზიკოს ხანდაზმული დედა თბილისში, მათივე სახლიდან გამოყარეს, იმავე სახლის სარდაფივით მიწურში შეასახლეს. იხსენებდა ლამარა, როგორ უყურებდა ხოლმე ქვემოდან აივანზე გასაშრობად გადმოკიდებულ მამამისის გადაჭრილ შარვლებს, რომელიც ახლა იმ კაცს ეცვა, ვინც ყველაფერს ფლობდა, რაც ადრე მათი იყო. ანდრო მაღალი კაცი ყოფილა.
ლიზიკოს დედამ სადამდეც შეძლო, უვლიდა ლამარას, შემდეგ მამიდამ წაიყვანა.
ბევრს ვფიქრობ ხოლმე, ვცდილობ, რომ არ გავბრაზდე. ვფიქრობ იმაზე, რომ დიდმა ბებიამ აპატია. მერე ვფიქრობ, მე თუ ვაპატიე? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ისიც არ ვიცი, ვის უნდა აპატიო. ვის მოსთხოვ პასუხს? შვილიშვილების შვილებს? ადამიანები ვართ და რა ვქნა, მე ვატარებ ჩემი ბებიისა და ბაბუის ტკივილს. ნეტავ, ისინი რას ატარებენ?
„ლამარა, ვერ იცანი დედა?“ – დაბრუნება
ლიზიკომ ჟეზყაზღანში 9 წელი გაატარა. ამ 9 წლის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია ქმრის შესახებ არ ჰქონია. ცხოვრობდა იმედით, რომ ანდრო ცოცხალი იყო. წამოსვლის დრო რომ მოვიდა, უთხოვიათ, დარჩიო, იქ რომ ჩახვალ, მაინც არავინ და არაფერი იქნებიო. ერთი წელიც იყავი, იმუშავე და მერე წადიო. თუმცა ლიზიკოს არც უფიქრია დარჩენაზე.
შვილთან და დედასთან წერილის მიწერის უფლებაც კი იქ ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოიპოვა. სამკერვალო გეგმას გადაჭარბებით, 125%-ით თუ შეასრულებდნენ, მაშინ ეძლეოდათ უფლება ქალებს, რომ წერილი გაეგზავნათ. წერილებში, რომლის გამოგზავნაც მოახერხა, ანდროს ამბავს კითხულობდა, მაგრამ ანდროს შესახებ არც აქ იცოდა ვინმემ რამე.
არც ის იცოდა ვინმემ წინასწარ, რომ ჩამოდიოდა. ჩამოსულს კარი ხუჭუჭა, საყვარელმა გოგომ გაუღო, რომელმაც ჰკითხა, ვინ გნებავთო. დააკვირდა. შენ ლამარა ხარო? დიახ, მე ვარო. დედა ვერ იცანიო?
ლამარა იხსენებდა მერე, რომ დედა ბევრად მაღალი ახსოვდა. პატარა რომ იყო, ქვემოდან უყურებდა. ახლა კი კარში მასზე ტანდაბალი ქალი იდგა. თავიდან მოუწიათ ერთმანეთის გაცნობა.

ლიზიკო ისევ ცდილობდა ანდროს ამბის გარკვევას. ვრცელდებოდა ათასი ჭორი და ისტორია, რომ თითქოს ამერიკული გემი ჩამოდგა და ვიღაცებმა ამერიკაში წასვლა მოახერხეს. თითქოს, ვიღაცა ბაბუასაც მიამსგავსეს. მერე დაუდასტურეს, რომ ცოცხალი აღარ იყო, თუმცა უთხრეს, რომ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
მოგვიანებით კიდევ ერთი ცნობა მოსულა, რომ ანდრო კოპაძე არაფერშია დამნაშავე, მისი დანაშაული არ არსებობს. რეაბილიტაცია რომ დაიწყო, იმ პერიოდში იყო ეს ცნობა. ლიზიკო ამბობდა, ასეთი საშინელი ბოდიში ცხოვრებაში არ მიმიღიაო. ეს იყო ბოლო ცნობა ანდროზე, რაც ლიზიკომ მიიღო. როცა არქივები გაიხსნა, მე თვითონ ვნახე გამოფენაზე ოქმი. წაყვანიდან მესამე დღეს დახვრიტეს ანდრო.
თბილისში მუშაობის უფლება არ ჰქონდა ლიზიკოს. ზუსტად ისე მოხდა, როგორ ჟეზყაზღანში უთხრეს, არავის სჭირდებოდა და არავინ იყო. რას წარმოვიდგენდი, რომ აქ იმაზე მეტად გამიჭირდებოდა, ვიდრე გადასახლებაშიო. იხსენებს, რომ ერთხელ თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია. ხიდთან მდგარა უკვე, მაგრამ მერე ისევ იმ ფიქრს გაუმარჯვია, რომ ამხელა გზა უკვე გამოვლილი ჰქონდა, შვილთან ჩამოსვლა მოახერხა და მას ვეღარ მიატოვებდა.
შვილთან, ლამარასთან ერთად წავიდა ჩაქვში და ჩაის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. რაღაცნაირად აეწყო მათი ცხოვრება. ლამარა გათხოვდა, თბილისში დაბრუნდნენ, ლიზიკომ ყველაფერი გააკეთა, რომ ლამარასთვის ის 9 წელი აენაზღაურებინა, იყო მიძღვნილი დედა და მიძღვნილი ბებია. მან გაგვზარდა შვილიშვილები და შვილთაშვილებიც.
ლიზიკოს მოგონებები წიგნად
ჩვენს ოჯახში დიდი ბებიის ისტორიები არასდროს ყოფილა ტაბუდადებული. ყოველდღე იხსენებდა ამ ამბებს. 90-იანებში, როცა არ იყო სინათლე, გვციოდა, შეშის ღუმლის გარშემო ვისხედით, მეზობლებიც მოდიოდნენ და ვისმენდით მის ამბებს, ყველა ჯერზე ისე, თითქოს პირველად ჰყვებოდა. ეს ისტორიები ჩემში ცოცხლობს, თითქოს მე გადამხდა, ისე გავიჩემე. ამ ტკივილს, სიხარულს, დაბრუნების სევდასაც ყოველდღიურად ვატარებ და განვიცდი.
დედაჩემმა სთხოვა ლიზიკოს, შენ რომ აღარ იქნები, ჩვენ ისეთი სიზუსტით აღარ გვემახსოვრება შენი ისტორია და დაწერეო. თავიდან იუარა, მაგრამ მესამე დღეს მოითხოვა კალამი, რუხი სქელი რვეული, როგორებიც იყო მაშინ. ის თეთრი კალამიც მახსოვს, სიცივეში სულს რომ ვუბერავდით და ვათბობდით ხოლმე, რომ დაეწერა. თითქოს ერთ ამოსუნთქვაში დაწერა. მახსოვს, ხანდახან იწვა და ისე წერდა. ზოგიერთი ადგილი ისეთი გაკრული ხელით არის დაწერილი, ვხვდები, ეს ის გვერდებია, როცა წამოწოლილი წერდა.
დაწერა და დატოვა. მერე უკვე მე არ შემეძლო ამის ასე დატოვება. მინდოდა, ფორმა მომენახა და გამეცოცხლებინა ისე, რომ მარტო ჩვენი არ ყოფილიყო, მარტო ჩვენს ოჯახში არ დარჩენილიყო. დიდი ხანი დამჭირდა ნაწერის გასარჩევადაც. ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში და თითოეული მათგანის მადლიერი ვარ. მოგონებების მიღმა დღიურში თავი მოვუყარე ფოტომასალას, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, ვიმუშავე რუკებზე, ტიფლისის რუკაზე, სადაც აღნიშნულია, სად ცხოვრობდნენ და რუკა, რომელიც გადასახლებაში მიმავალი ლიზიკოს გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. არის მამიდის მოგონებაც, ლამარას, ანუ ლიზიკოს შვილის მოგონებაც, დედაჩემის და ჩემი მოგონებებიც შევიტანეთ. „მოგონებები“ ჰქვია წიგნს და პრეზენტაცია ივლისის ბოლოს გვექნება.
ახლა რომ ლიზიკო ცოცხალი იყოს…
რამდენჯერაც არ უნდა გადავშალო ეს დღიური, ყველაფერი თავიდან ტრიალდება. სიამაყის განცდაც მაქვს, ტკივილიც მოჰყვება ამას, მაგრამ თან მაძლიერებს, როცა მახსენდება, როგორი იყო ლიზიკო. მე არ მახსენდება დიდი ბებია ცუდ ხასიათზე, უიმედო, სულ ხალისიანი, სიცოცხლით სავსე იყო. მთელი ჩვენი ოჯახისთვის იყო ღერძი, რომლის გარშემოც იდგა და ტრიალებდა ეს ოჯახი.

არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წარსული. ეს არის ისტორია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახში დატრიალდა. არ დამთავრებულა, ბევრი რამ წრეზე ტრიალებს, ძალიან პატარა ზღვარია იმ დროსა და ამ დროს შორის. სულ პარალელებს ვავლებ.
კითხულობდა ძალიან ბევრს, მიმდინარე მოვლენებს მიჰყვებოდა და იყო ძალიან თანამედროვე. მახსენდება 90-იანი წლები, როგორ უხაროდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რომელიც ახალი მოპოვებული გვქონდა. ყოველთვის ჰქონდა მომავლის, მომავალი თაობის იმედი. სჯეროდა, რომ საქართველო აუცილებლად იქნებოდა რუსეთისგან თავისუფალი.
ახლა რომ ლიზიკო ცოცხალი იყოს, ვიცი, რა პოზიცია ექნებოდა, რას იტყოდა, როგორ დაგვმოძღვრავდა. ჩვენ ერთ აზრზე ვიქნებოდით, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია. არაფერი ღირს იმად, რომ გაცვალო შენი სამშობლო.
