ხიდაშელი თავის პოზიციას პროკურორის განცხადების თაობაზე ასე აყალიბებს:
“დღეს ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას, რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე / სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.
მეამაყება, რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის.
საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია. დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა და ეს ცალსახად მისასალმებელია.
1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს, როდესაც ვისმენთ, რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა, პროკურორს რა უნდა ეთქვა, წინსაწარ ვიცი რუსებმა ეთნოწმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო? დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი, რომელიც ჩადენილი იყო, თავისი მასშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით, ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს. ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული, დარწმუნებული ვარ, მოსამართლის ვერდიქტამდე მივა.
2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს, თუ მოვისმენთ, რომ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. by default არაეფექტურია გამოძიება, რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ, რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს.
3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა, ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე “სოროსელებმა” და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის, რაც შესაძლებელი იყო. და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბედს გადავეცით ჰააგაში”, – ამბობს ხიდაშელი.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესაძლოა ჰააგაში ბრალი დასდონ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმაში, ხიდაშელი წერს:
“თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ რუსეთის ჯარი მშვიდობისმყოფელი და საერთაშორისო მანდატიანი იყო, შეიძლება დავა, თუმცა ჩემი აზრით არ უნდა იყოს რთული იმის დამტკიცება, რომ ისინი თავად იყვნენ საკუთარი მანდატიდან გასული და ჩვეულებრივი მტრული სახელმწიფოს სამხედრო დაჯგუფება იყო”, – წერს ხიდაშელი.
