საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.
3 მაისის დილის მდგომარეობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის, დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
ომბუდსმენის განცხადებით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას. განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24-საათიან რეჟიმში“, — აცხადებს ომბუდსმენის ოფისი.
ჯგუფ Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორისაა მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დააკავეს გასული ღამის განმავლობაში თბილისში, გმირთა მოედანზე მიმდინარე ანტირუსულ აქციაზე. ნეტგაზეთი შსს-სგან ელოდება ოფიციალურ ცნობებს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანებმა 2-3 მაისის ღამეს საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე გამართეს, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთი, ფაქტობრივად, დილამდე პარალიზებული იყო.
აქციაზე რამდენიმე პირი დაკავეს, გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
