„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში თავად შეიყვანა.
მამუკა ფიფიამ საქართველოს პარლამენტიდან ფოტოები საკუთარ ინტსაგრამზე გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოს აღწერაში, სადაც ის პარლამენტის კაბინეტში ზის, ფიფია წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციას კითხულობს. მისივე თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებამდეც უნდა გადადგეს.
როგორც ჩიგოგიძე ამბობს, მას პრეზიდენტის საკითზე ფიფიასთან საუბარი არ ჰქონია. მისივე თქმით, ფიფიამ მას ბიზნესთან დაკავშირებით სთხოვა შეხვედრა, თუმცა პარლამენტიდან ისე წავიდა, რომ საუბარი ვერ მოახერხეს.
„მამუკა ფიფიას ვიცნობ წლებია. დიდი ხანია, ნანახი არ მყავდა. ბოლო წლებია, ბევრჯერ იყო ჩამოსული და ვერ მოვახერხე შეხვედრა. მთხოვა შეხვედრა, დაემთხვა, რომ სესია მქონდა, 6 საათზე კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული. თანაშემწეს ვთხოვე, რომ დაეშვა საშვი, ავიდა ჩემს ოთახში, გაისტუმრა ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა, გაგრძელდა კენჭისყრები.
ვთხოვე, რომ დამიცადე და ამოვალ-მეთქი. ერთი საათი ვერ მოვახერხე ასვლა. გავიგე, რომ სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება უნდა, ამ პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება… განცვიფრებული ვარ, არ ვიცი, რას ემსახურება ეს“, – განაცხადა ჩიგოგიძემ.
რაც შეეხება მამუკა ფიფიას მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოტოს, სადაც შესვლის უფლება მას არ უნდა ჰქონდა, ჩიგოგიძე ამბობს, რომ აღნიშნული ფოტო მისი გადაღებულია, რომელიც შემდეგ ფიფიას გაუგზავნა, ფიფიამ კი ინსტაგრამზე ატვირთა.
მამუკა ფიფია რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვიდან მომავალ რუსული „აზიმუტის” რეისს ჩამოჰყვა.
მამუკა ფიფიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის გვხდება მისი ფოტოები რუსეთის ცნობილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან ერთად.
