ცხინვალი. ფოტო: Washington Post-ის ვიდეოდან.

სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ფინანსთა სამინისტროში რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსების განკარგვის კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად, რუსეთის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ ცხინვალში ბრიფინგზე დე ფაქტო ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა ყაზბეგ ცარიკავმა განაცხადა.

მისივე თქმით, დადგენილი კანონდარღვევები წლის ბოლომდე უნდა აღმოიფხვრას.

რუსეთის ფედერალური სამსახურების მიერ კანონდარღვევები 2021-2022 წლებში იყო გამოვლენილი.

2022 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის აუდიტებმა სამხრეთ ოსეთში გამოავლინეს ორ ათასზე მეტი პირი, რომელიც ერთდროულად შვიდ თანამდებობაზე მუშაობდა. თანამდებობებზე მათი ოჯახების წევრები ინიშნებოდნენ – მოზარდებისა და მოხუცების ჩათვლით.

ამასთან, რუსეთმა დაიწყო სამხრეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი. მოსკოვს სურს, მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და ცხინვალისგან მოითხოვს მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას.