უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის 20-მილიარდიანი „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის“ ფონდის შექმნის შესახებ, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, უნგრეთი უარს ამბობს ამ ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის თანხის გამოყოფაზე მანამ, სანამ ოფიციალური კიევი არ ამოიღებს „ომის სპონსორების“ სიიდან უნგრულ ბანკ OTP-ს.

„ვერ ვისაუბრებთ ფინანსურ მხარდაჭერაზე მანამ, სანამ OTP-ს საკითხი არ მოგვარდება“, – განაცხადა უნგრეთის პირველმა დიპლომატმა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ფონდის შექმნის იდეის შესახებ  გამოცხადდა გუშინ, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე. გეგმა გულისხმობს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წლიურად, სულ მცირე, ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფას – უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ხარჯების დასაფარად.