ზაპოროჟიეს ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას მოკლეს რუსეთის მხარეს მებრძოლი აივენგო ტეხოვი, „შტორმ.ოსეტია“-ს ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილე. ეს ინფორმაცია დაადასტურეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კულტურის სამინისტროში.
რუსული წყაროების ცნობით, ტეხოვი და მისი ქვედანაყოფი ალყაში მოექცნენ და დაიღუპნენ ქალაქ პიატიხატკიში. ამავე წყაროების თანახმად, ბრძოლებისას დაიღუპა „პრაქტიკულად მთელი ბატალიონი“. ბატალიონის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ „ბატალიონი ნორმალურადაა“.
პიატიხატკის აღებას ადასტურებს უკრაინაც. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს „შტორმ.ოსეტია“-ს დროშა.
რუსეთის პირველი არხის ცნობით, „შტორმ.ოსეტია“ მოხალისეობრივი დაჯგუფებაა, რომლის რიგებშიც, მათი ხელმძღვანელის განცხადებით, იბრძვიან ადამიანები სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან.
დე ფაქტო კულტურის მინისტრის განცხადებით, მაისის დასაწყისისთვის უკრაინაში დაიღუპა 27 მებრძოლი სამხრეთ ოსეთიდან.
