მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი. მას საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ქმედებების გაიგივებას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.48 მუხლის 1 ნაწილი).
ინფორმაციას ამის შესახებ „Настоящее Время“ ავრცელებს.
დაკავების მიზეზი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტი გახდა, სადაც ეწერა: „ჰიტლერი აბსოლუტური ბოროტებაა, მაგრამ სტალინი კიდევ უარესია. სს-ელები [Schutzstaffel, იგივე „დამცავი რაზმი“] კრიმინალები არიან, მაგრამ НКВД [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი] კიდევ უარესია, რადგან ჩეკისტები თავისიანებს ხოცავდნენ. ჰიტლერმა გააჩაღა ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. კომუნისტებმა ტოტალური ომი გამოუცხადეს საკუთარ ხალხს“.
გოზმანი ღამეს პოლიციის განყოფილებაში გაათევს.
ლეონიდ გოზმანი მანამდე, ივლისში, ორჯერ დააკავეს. 15 ივლისს ისრაელის მოქალაქეობის შესახებ შეტყობინების წარუდგენლობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის სახით დაიკითხა. 25 ივლისს დააკავეს, პოლიციაში წაიყვანეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. ივლისის ბოლოს გოზმანმა გამოაცხადა, რომ იგი გახდა ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის მუხლით.
The Insider-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით ხელისუფლება ცდილობს აიძულოს იგი, დატოვოს ქვეყანა. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსმა მიგრაციის სამსახურს ისრაელის პასპორტის მიღების შესახებ ერთი წლის შემდეგ აცნობა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გოზმანმა დატოვა რუსეთი, მაგრამ ივნისის შუა რიცხვებში დაბრუნდა. თავის გადაწყვეტილებას „ზნეობრივი და არა პოლიტიკური არჩევანი“ უწოდა.
