ავტორი: ნიკა მუსავი


უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან ერთი თვის განმავლობაში, ოფიციალურმა ბაქომ ვერ განსაზღვრა საკუთარი პოზიცია, თუ რომელ მხარეს დგას. და თუკი მაინც აქვს განსაზღვრული, ამის შესახებ ღიად არ საუბრობს – რაიმე კონკრეტული განცხადება ხელისუფლებას არ გაუკეთებია. 

მხოლოდ ომის დასაწყისში, 25 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიქმეთ გაჯიევმა თქვა, რომ “მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაიჭრას საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით, პოლიტიკური, დიპლომატიური და დიალოგის გზებით და აუციელებელია ცეცხლის შეწყვეტა”.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აზერბაიჯანის დელეგაციამ  “უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ” რეზოლუციის მისაღებ კენჭისყრაზე მონაწილეობა არ მიიღო [საქართველომ მხარი დაუჭირა, სომხეთმა თავი შეიკავა]. ამ  ფაქტმა, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელების მხრიდან სახუმარო რეაქციებიც გამოიწვია – მაგალითად, “აზერბაიჯანი იმ მომენტში მოსაწევად გავიდა”. თავად საზოგადოება, ყოველშ ემთხვევაში, ის ნაწილი, რომელსაც მეტ-ნაკლებად აინტერსებს, რა ხდება გარშემო – დიდწილად უკრაინას გულშემატკივრობს. 

თუმცა, ის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დუმილი ურჩევნია, საზოგადოებას დიდად არ გაკვირვებია. ჯერ კიდევ ომამდე იყო გასაგები, რომ აზერბაიჯანი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა უკრაინაში  ომის შემთხვევაში. 

“დაბალანსებული გეოპოლიტიკა”  

აზერბაიჯანის პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს უკრაინის პოზიციას ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით. ყარაბაღის მეორე ომის დროს უკრაინა  აზერბაიჯანის მხარეს იკავებდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე ახსენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

ამასთან, რუსეთი აზერბაიჯანის უძველესი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ყარაბაღის მეორე  ომის შეწყვეტაში. 2022 წლის 22 თებერვალს კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ორი დღით ადრე, პუტინმა და ალიევმა სამოკავშირეო შეთანხმება გააფორმეს.

ზოგადად, აზერბაიჯანის ხელისუფლება “დაბალანსებული გეოპოლიტისკენ” ისწრაფვის, ანუ, შეძლებისდაგვრად ცდილობს, არ გაიფუჭოს ურთიერთობა არცერთ მსხვილ და ძლიერ მეზობელთან რეგიონში, რუსეთი იქნება ეს, თურქეთი თუ ირანი. 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხელისუფლების ამჟამინდელი ქცევა სრულიად მოსალოდნელი იყო. საზოგადოება კი დაკმაყოფილდა იმით, რომ აზერბაიჯანი მაინც უწევს უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას – მათ შორის, საწვავით.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი – 27 თებერვალს ბაქოში, უკრაინის საელჩოს წინ მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელზეც ისმოდა ძალიან ღია და ხისტი გამონათქვამები რუსეთის მისამართით. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ბაქოსთვის არ არის დამახასიათებელი ისეთი აქციები [თუნდაც ზღვის გოჭების დაცვის მიზნით გამართონ], რომელსაც პირველივე წუთებში პოლიცია არ დაშლის. ის, რომ საელჩოს წინ ასეთი აქცია შედგა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. 

სხვა საკითხია ის, რომ ასეთი სრულფასოვანი, უკრაინის მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანში მხოლოდ ერთხელ გაიმართა [მოგვიანებით საელჩოსთან რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტიც მივიდა და  არც ისინი დაუკავებიათ ან დაუშლიათ]. 

თბილისისგან განსხვავებით, ბაქო არ შეღებილა უკრაინის დროშის ლურჯ-ყვითელ ფერებში და მთლიანობაში, პრაქტიკულად არ იგრძნობა უკრაინის ომში ქვეყნის ემოციური ჩართულობა. 

საქართველოს მთავრობაც ფრთხილობს და ღიად არ აკეთებს განცხადებებს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ. თუმცა ეს არ უშლის ხელს ხალხს, ქუჩაში გამოვიდნენ [პირიქით, ეს დამატებითი მიზეზიც კი ხდება პროტესტის] და სხვადასხვა ტიპის მრავალრიცხოვანი ღონისძიებები ჩაატაარონ.

თავის მხრივ, ერევანშიც შეიმჩნევა გარკვეული პროუკრაინული მოძრაობა იმის მიუხედავად, რომ იქ პოლიტიკურად და ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტი ბმაა რუსეთთან. 

ამ ფონზე აზერბაიჯანის საზოგადოება მაინც ყველაზე პასიურად გამოიყურება რეგიონში. ეს რეალურად  ასეა, რადგან აზერბაიჯანული საზოგადოება ისედაც პასიურია. აზერბაიჯანში მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მიჩვეული პროტესტს, მაშინაც კი, როდესაც საქმე საკუთარ ინტერსებს ეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ომზე. საზოგადოება არ არის მიჩვეული, სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი. ასევე, აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ აზერბაიჯანში სამოქალაქო ინიციატივები ისჯება. თუმცა დემოკრატიულ ძალების ოპოზიციურმა ნაციონალურმა საბჭომ 2 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი დანიშნა და ნებართვისთვის უკვე მიმართა ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. 

ეკონომიკური შედეგები

ამ კონტექსტში ბაქოს კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ აქ არ არის რუსი ემიგრანტების ტალღა. სხვადასხვა [არაოფიციალური] მონაცემით, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ბაქოში რამდენიმე ასეული რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე თბილისში ან ერევანში [მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბევრად დიდია]. 

ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, დღესდღეობით, აზერბაიჯანისთვის უფრო აქტუალური პრობლემა საკუთარი შრომითი მიგრანტებია, რომელთა რაოდენობაც რუსეთში, როგორც მინიმუმ, 600 ათასია და რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებული იქნებიან სამშობლოში დაბრუნდნენ. ზოგიერთები უკვე ჩამოდიან კიდეც. 

შრომითი მიგრანტების პოტენციური გადინების პარალელურად, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი აზერბაიჯანელებს სხვა პრობლემებსაც უქადის. რუსეთში მომუშავე აზერბაიჯანელები რეგულარულად უგზავნიდნენ საკუთარ ოჯახებს ფულად გზავნილებს, რაც ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტს შეადგენდა. თუ აზერბაიჯანში შრომითი მიგრანტების ნაწილი მაინც დაბრუნდა, მათი შემოსავალი აუცილებლად შემცირდება.

გარდა ამისა, რუსეთი, მთლიანობაში, ძირითადი გასაღების ბაზარია აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ნავთობსექტორისთვის. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და არაფერი უშლის ხელს ბაქოს, დღეს კვლავ გაყიდოს რუსეთში პომიდორი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საკმარისი ფული ჰქონდეთ, ბაქოს ძვირადღირებული პომიდორი იყიდონ. 

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსეთიდან იმპორტიც და ჯერ არ არის ცნობილი, რით ჩანაცვლდება რუსული პროდუქცია აზერბაიჯანულ ბაზარზე. 

სამაგიეროდ, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორი პირიქით – “ვაშას” უნდა ყვიროდეს – ფასები გაიზარდა, რუსეთის სახით კონკურენტი კი გაურკვეველი ვადით თამაშს გამოეთიშა. ასე რომ, თეორიულად, აზერბაიჯანს კარგი შანსი გამოუჩნდა ბიუჯეტის გასაზრდელად. 

თუმცა ყველა ეს ეკონომიკური შედეგი – ნეგატიური თუ პოზიტიური- ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებისა და პროგნოზების დონეზე რჩება.

იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკური ხასიასთის შედეგებზეც. იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რუსეთის მომავალი, ეს აზერბაიჯანზეც აისახება. თუმცა, ექსპერტებსაც უჭირთ ახლა იმის პროგნოზი, თუ როგორ – იქნება კი აზერბაიჯანი რუსეთის ერთგული, თუკი რუსეთი დარჩება “პერსონა ნონ-გრატად” ან მთლიანად ამოწურავს ავტორიტეტს? რა ბედი ეწევა მოკავშირეობის შესახებ დეკლარაციას, რომელსაც  აზერბაიჯანი ბევრი კაბალურად მიიჩნევდა? ექსპერტები აქც გვირჩევენ, არ გადავაფასოთ ამ დეკლარაციის მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანს რაიმე მოთხოვნას ვერ წამოუყენებს.

და კიდევ ერთი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვა დღეს – როგორ აისახება მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული გარემოებები ყარაბაღის ძალიან მოწყვლად საკითხზე. 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბაქოში; ფოტო: turan.az