უკრაინული მხარე ლუგანსკის ოლქში სეპარატისტების მიერ სროლის დაწყების შესახებ აცხადებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, დასახლებულ პუნქტ სტანიცას ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

„ჭურვი საბავშვო ბაღის ნაგებობას მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა კონტუზია მიიღო.

დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურაც, დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საბავშვო ბაღის შენობა არტილერიული ჭურვის მოხვედრის შემდეგ

გარდა ამისა, გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება, რომ ცეცხლი გაუხსნეს ამავე დასახლებული პუნქტის სარკინიგზო სადგურს.

ასევე, გამოცემა წერს, რომ სოფელ ვრობუვკაში ერთ-ერთი ჭურვი დაეცა ლიცეუმს, სადაც ბავშვები გაკვეთილებზე იყნენ. აგრეთვე, დაზიანებულია გაზსადენი და საცხოვრებელი სახლები. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, გამოყენებულია 122-მილიმეტრიანი კალიბრის ნაღმტყორცნები, აკრძალული მინსკის შეთანხმებების ფარგლებში.

ტელეგრამ-არხი Kievmap იუწყება, რომ კიევში, რუსეთის საელჩოს საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის. თვითმხილველების ვარაუდით, შესაძლოა, საელჩოში დოკუმენტებს წვავდნენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამოცემა „ობოზრევატელს“ უთხრეს, რომ საელჩოდან ხანძრის შესახებ შეტყობინება არ მისულა. რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება, „რია ნოვოსტი“ წერს, რომ საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და არაფერი ექსტრაორდინარული არ ხდება.