თურქეთი იცვლის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელს, რომლითაც თითქმის 100 წლის მანძილზე მოიხსენიებდნენ: რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებას სურს, მსოფლიომ ქვეყანას Turkey-ს (გამოითქმის როგორც თურქი) ნაცვლად Türkiye (თურქიე) დაუძახოს.
თურქეთის პრეზიდენტმა შესაბამისი ცირკულარი გასული წლის დეკემბერში გამოსცა. ახალი სახელწოდება უკვე აისახა, მაგალითად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ს ინგლისურენოვანი ვერსიის ვებგვერდებზე.
თურქულ ენაში თურქეთს სწორედ Türkiye-თი მოიხსენიებენ. როგორც ვხედავთ, თურქეთის ხელისუფლების სურვილია, ეს სახელწოდება საერთაშორისოდაც დამკვიდრდერს. რატომ?
TRT-ს მიხედვით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს “თურქი ერის ღრმად ფესვგადგმული ისტორიიდან მომდინარე ღირებულებების შენარჩუნებას”.
“სიტყვა Türkiye საუკეთესოდ წარმოადგენს და გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილიზაციას და ღირებულებებს”, — დოკუმენტში.
არსებობს სხვა, უფრო მარტივი ვერსიებიც. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცვლილების მიზანი თურქეთის დისტანცირებაა Turkey-ს სხვა მნიშვნელობებიდან: აღნიშნული სიტყვა ინგლისურად ნიშნავს “ინდაურს” ან “რაიმეს, ძალიან წარუმატებელს”.
“ჩიტთან ასოცირება მეტად აღიზიანებს როგორც ერდოღანს, ისე ადამიანებს მის გარშემო”, — ეუბნება ბრიტანულ BBC-ს საგარეო ურთიერთობათა კვლევის ინსტიტუტის სტიპენდიანტი, ანალიტიკოსი სელიმ ქორუ.
სახელწოდების ცვლილებას ანალიტიკოსი ასევე განიხილავს ერდოღანის ხელისუფლების სურვილის ნაწილად, ბიძგი მისცეს “ახალ თურქეთს” საერთაშორისო ასპარეზზე.
“ეს არის ახალი, თავდაჯერებული, ძლიერი თურქეთის ნაწილი მათ წარმოსახვაში”, — დასძენს ქორუ.
მინიშნება იმაზე, რომ თურქეთის საერთაშორისო სახელწოდების შეცვლის სურვილი, კულტურის უკეთ წარმოჩენის გარდა, სხვა ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული, ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის(TRT) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც გვხვდება:
ჩაწერეთ “Turkey” Google-ში და მიიღებთ არეულ ნაკრებს ფოტოებისა, სტატიებისა და ლექსიკონის განმარტებებისა, რომლებიც ქვეყანას აერთიანებენ Meleagris-სთან — დიდ ფრინველთან ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც სხვაგვარად ცნობილია, როგორც ინდაური.
გადაშალეთ კემბრიჯის ლექსიკონი და “Turkey” განიმარტება, როგორც “რაღაც, რაც მძიმედ ჩაფლავდა” ან “შტერი”, ან “სულელი ადამიანი”.
მედიის ინფორმაციით, თურქეთი აპირებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართოს ახალი სახელწოდების ოფიციალურად გასაფორმებლად.
