პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სერიოზული შემცირებაა მოსალოდნელი, ამის შესამსუბუქებლად კი მთავრობა სხვადასხვა ცვლილებების გატარებას გეგამავს ბიუჯეტში. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ეკონომიკური გამოწვევები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და, შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. საქვართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი მოქალაქის ჯანმრთელობის/კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერების და ასევე ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების და სამუშაო ადგილების ამუშავების”, – განმარტა გახარიამ.
გახარიას თქმით კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებაში ჩართული არიან როგორც ქართველი ანალიტიკოსები, ასევე, უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები. გახარიას განმარტებით, გეგმა უკვე არსებობს და ამჟამად მთავრობა გეგმის დეტალებზე მუშაობს.
