“მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ზუგდიდის სასამართლოს სხდომაზე ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან ლევან თორიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მისივე გადაწყვეტილებით, თორიას დაუბრუნდება გირაოს სახით გადახდილი 3000 ლარი”, –  ინფორმაციას ამის შესახებ ლაივპრესი ავრცელებს.

საუბარია 2019 წლის ზუგდიდის მერის არჩევნების პერიოდში დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტზე. ამ საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი  სულ სამ პირს აქვს წაყენებული (სსკ-ის 126). მათ შორის არის ადგილობრივი ტელევიზიის, “ოდიშის” გადაცემის წამყვანი, ლევან თორია.

ინციდენტი ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემის ჩაწერისას მოხდა, რომელშიც მონაწილეობა სანდრა რულოვსს უნდა მიეღო.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები უპირისპირდებიან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი ენმ-ის წევრ ნიკა ვაჩეიშვილს. თავის მხრივ ზემოხსენებულ პირებს რულოვსის გარემოცვის წევრები “სუს-ის შნირებს” ეძახიან. აგრესიულად განწყობილი პირები აცხადებენ, რომ დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.

ტელეკომპანია “ოდიშში” აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.