აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა აქტივისტ გრეტა ტუნბერგს მხარდაჭერას უცხადებს და „სკეპტიკოსების იგნორირებისკენ“ მოუწოდებს.

მიშელ ობამამ მხარდასაჭერი წერილი მას შემდეგ გამოქვეყნა, რაც ტუნბერგი, რომელიც ჟურნალმა TIME-მა ცოტა ხნის წინ წლის ადამიანად დაასახელა, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა.

„არავის მისცე საშუალება შენი სინათლე ჩააქროს“, – დაწერა მიშელ ობამამ. „დააიგნორე სკეპტიკოსები და იცოდე, რომ მილიონობით ადამიანი შენს გვერდით დგას“.

იქამდე, დონალდ ტრამპმა თვითერში ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას „სასაცილო“ უწოდა: „რა სასაცილოა. გრეტამ უნდა იმუშაოს თავისი გაბრაზების მენეჯმენტის პრობლემაზე, შემდეგ კი წავიდეს და ნახოს კარგი ძველებური ფილმი მეგობართან ერთად! გაერთე გრეტა, გაერთე!

ტუნბერგმა ტრამპის თვითს უპასუხა და ტვიტერში, ბიოგრაფიის ველში დაწერა: „თინეიჯერი, რომელიც მუშაობს გაბრაზების პრობლემის მენეჯმენტზე. ამჟამად ერთობა და უყურებს კარგ ძველებურ ფილმს მეგობართან ერთად“.