“ცაიტისა” და ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდის განმარტებით, ის მედიასაშუალებები, რომლებმაც პრესის ევროპული ჯილდო მიიღეს, “ცენზურასა და რეპრესიებს არ უშინდებიან”. რას აკეთებს თქვენი გამოცემა ისეთს, რისთვისაც უკრაინაში ამ კუთხით გამოარჩიეს?

 

ყველაფერი ცენზურის გამო დაიწყო. დაახლოებით 2 წლის წინ, იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, მე და სხვა გამომძიებელი ჟურნალისტებიც ამის გამო ტელევიზიიდან გამოგვიშვეს. ცენზურის ბევრი მეთოდი არსებობდა – პირდაპირი მოსყიდვიდან დაწყებული, სასტიკად ცემით დამთავრებული.

 

გამოუცდელ, ახალბედა ჟურნალისტებთან ფულით მუშაობდნენ მედიამფლობელები, ანუ დამატებით უხდიდნენ ანაზღაურებას იმის გამო, რომ ვინმეს წინააღმდეგ მასალა მოემზადებინათ. შედარებით გამოცდილ ჟურნალისტებთან სხვა მეთოდებით – მაგალითად, სთავაზობდნენ უპროცენტო კრედიტებს კიევში სახლების შესაძენად. ამას ბევრი ხარბდებოდა. მერე ჟურნალისტები ვალდებულნი ხდებოდნენ მათი დაკვეთები შეესრულებინათ. იმათ კი, ვინც მატერიალური სარგებლით არ იყო დაინტერესებული, უბრალოდ, სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ. ჩვენც ასე წამოვედით.

 

რა გამოძიებებს აკეთებდით, რატომ გახდა საჭირო თქვენი დათხოვნა?

 

ბოლოს იანუკოვიჩის ახლობლის ბიზნესის საკითხს ვიძიებდით. ძალიან დიდი სახელმწიფო კრედიტი მისცეს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად. ტელევიზია “TVi”-ს მფლობელმა, ნიკოლაი კნიაჟიცკიმ აგვიკრძალა თემის გამოძიება. საერთოდ, ბოლო წლებში ძალიან დახვეწილი და გამომგონებლობითი გახდა იანუკოვიჩის ცენზურა. თუ წლების წინ პირდაპირი მუქარა იყო, მოგკლავ, ან ოჯახის წევრს შევუქმნი საფრთხეს, ბოლოს შეიცვალა მიდგომა – მფლობელმა პირდაპირ გვითხრა, რომ იდიოტები ვართ და არ შეგვიძლია ხარისხიანი მასალის მომზადება. ასე გამოგვიშვეს.

 

სწორედ მაშინ გაჩნდა წამოსულ ჟურნალისტებში იდეა გავერთიანებოდით და შეგვექმნა დამოუკიდებელი ტელევიზია. რა თქმა უნდა, არც საერთო და არც საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის იმედი არ უნდა გვქონოდა. გამოსავალი იყო ინტერნეტი. ასე, მინიმალური ხარჯებით, 12-მა გამომძიებელმა ჟურნალისტმა hromadske.tv გავაკეთეთ. დღეს თუ გაქვს ნოუთბუქი კამერით და საინტერესო მასალა, აუდიტორიასაც მოიზიდავ. ტექნოლოგიებმა მედიასივრცე შეცვალა. ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ევრომაიდანიც. ინტერნეტით, youtube-ზე 24-საათიანი რეჟიმით დავიწყეთ live stream-ები აქციებიდან.


ევრომაიდნიდან live stream-ების დროს დმიტრო გნაპს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ
ევრომაიდნიდან live stream-ების დროს დმიტრო გნაპს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ

 

ევრომაიდნის დროს ჩვენმა ცნობადობამ პიკს მიაღწია. მხოლოდ მოქალაქეების კერძო შემოწირულობებით ოთხი მილიონი გრივნა [დაახლოებით, 500 ათასი აშშ დოლარი] შეგვიგროვდა.

 

დღეს hromadske.tv-ში 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მთავარი ოფისი კიევშია. ცალკე გვაქვს საგამოძიებო ჯგუფი Slidstvo.Info, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.

 

დღეს რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

 

შემოწირულობები, გრანტები. სულ ახლახან 100 ათასი ხელმომწერის შეგროვების გამო youtube-ს ვერცხლის ღილაკი [Silver Play Button Youtube] მივიღეთ. google-მა კი 44 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაგვიხადოს წლის განმავლობაში ჩვენს მასალებზე განთავსებული რეკლამებისთვის.

 

ამჟამად, ახალი ხელისუფლების რეჟიმში რას იძიებთ, რა თემებზე მუშაობთ?

 

ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ კორუფცია დარჩა.

 

მაგალითად?

 

შსს-სა და პროკურატურაში ისევ არის კორუფციის ფაქტები. საქმეები, რომლებიც უნდა გამოეძიებინათ, აქამდე, ხელუხლებელია. კორუფციაა უკრაინული არმიის შეიარაღების სფეროშიც. ხარისხიანი სამხედრო აღჭურვილობის, მაგალითად, ჯავშანჟილეტების საყიდლად გამოყოფილი ფულით რატომღაც მოძველებული ჟილეტები შემოვიდა. NATO-ს სამხედრო ფეხსაცმლის ნაცვლადაც – ძველი. ოდესაში დარეგისტრირებული კომპანია კი, რომელმაც ჯავშანტექნიკის შესაძენად ტენდერი მოიგო, სადღაც გაქრა. სად წავიდა ფული, არავინ იცის.

 

თუმცა ჩვენი გამოძიების წყალობით თანამდებობიდან გადააყენეს გენერალი ნაზარკინი. სპეცრაზმიდან ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნაზარკინის დანაყოფები მუდამ მტრის ალყაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ჩვენ გამოვიძიეთ ეს ფაქტები. აღმოჩნდა, რომ ამ გენერალს რუსეთთან ჰქონდა კავშირი. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებაში მას მეგობრები ჰყავს და არ დაუპატიმრებიათ.

 

რა ხდება ჯანდაცვაში?

 

ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი მაქვს ჯანდაცვიდან. ცუდი ის არის, რომ ჯერ არანაირი გეგმა, პროექტი, რეფორმის ჩანასახიც კი არავის გვინახავს. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხალხი ფულს კონვერტით ისევ უდებს ჯიბეში მედპერსონალს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რითია დაკავებული მინისტრი კვიტაშვილი. ეკა ზღულაძისგან განსხვავებით, რომელმაც დაიწყო მაინც პოლიციის რეფორმაზე საუბარი, მას ჯერ მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

 

თუმცა, კარგი ის არის ჯანდაცვის სფეროში, რომ სამედიცინო პრეპარატების შესყიდვისას ტოტალური კორუფცია აღარ არის. იანუკოვიჩის დროს მის ოჯახთან დაალოებული პირების ხელში იყო ეს სფერო. ბოლო დროს შემოტანილი უხარისხო ვაქცინების გამო 14 ახალშობილი დაიღუპა უკრაინაში. დღეს კი კონკურენცია ჩანს, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობენ.

 

რაც შეეხება ევროპული პრესის ჯილდოს..

 

პირადად ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. აღმოჩნდა, რომ ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წარგვადგინა ამ ნომინაციაზე. ისე, მაინცდამაინც არ მიყვარს ჯილდოები. თანამშრომლებსაც მუდამ ვთხოვ ხოლმე, სხვა, არასამუშაო ოთახში გაიტანონ მიღებული პრიზები. ეს პრიზები ზოგჯერ გაფიქრებინებს, რომ ისედაც ყველაზე ღირსეული და მაგარი ხარ და შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და აღარ იმუშაო.

 

დმიტრო გნაპი
დმიტრო გნაპი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *