“დამთავრდა მოკვლევა და აუდიტის დასკვნა უკვე ყველა საჯარო სკოლას გადაეგზავნა, სადაც დაფიქსირდა მსგავსი ხარვეზი. საბედნიეროდ, ზუგდიდში და ხობში ბავშვები არ მოხვდნენ დარბაზში ამ კინოჩვენებაზე იმის გამო, რომ რესურსცენტრმა და სკოლის დირექტორებმა დროულად მოგვაწოდეს ინფორმაცია და ჩვენ გავეცით შესაბამისი რეკომენდაცია. ხარვეზები და გადაცდომა იყო ფოთში. დასკვნის მიხედვით ფოთის რესურსცენტრს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. სკოლის სდირექტორებმა მიიღეს გაფრთხილება და ერთ თვეში სამინისტრო ჩაატარებს მონიტორინგს, რამდენად გაითვალისწინეს რეკომენდქციები. ამის გარდა გადაიგზავნა შესაბამისი წერილები თვითმმართველობებში, სადაც მოვუწოდეთ მათ, რომ გამოიკვლიონ, საიდან მოხდა იმ არასწორი ინფორმაციის მიწოდება სკოლებზე, რომლითაც შეცდომაში შეიყვანეს სკოლის დირექტორები და პედაგოგები”,- თამარ სანიკძის კომენტარს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, 2015 წლის მარტში ტელეკომპანია “ოდიშმა” გაავრცელა. ტელევიზიის სიუჟეტში ზუგდიდის მე-4 და პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობებნ, რომ ისინი ჩვენებაზე სკოლის მასწავლებელმა [დამრიგებელმა] მიიყვანა, თან ისე, რომ წინასწარ შეადგინა სია და ბავშვებს ხელი მოაწერინა იმის დასტურად, რომ მათ ნამდვილად სურდათ იქ მისვლა. ამასთან, ბავშვების განმარტებით, მასწავლებელს მათთვის არ უთქვამს, რომ ფილმის სანახავად მიდიოდნენ. ერთი მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო მეორე მოსწავლის თქმით, ღონისძიების მიზანი თვითონ მასწავლებელმაც არ იცოდა. განათლების მინისტრმა გავრცელებული ინფორმაციიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ ზუგდიდში გამართულ ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეები არ ყოფილან.
“ოდიშის” ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში გუბერნატორად სწორედ გია სალუქვაძე დანიშნა.
