“დოკუმენტს პარლამენტში ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ.
2015 წლის 18 მარტს ჩეხეთის პარლამენტის სენატმა მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. დღეს პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო დადგენილება აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩეხეთის რესპუბლიკა რიგით 19-ე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.
ჩეხეთის პარლამენტში ზემოხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირებაზე ჯერ კიდევ 10 მარტს უნდა ემსჯელათ, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ეს გადადეს ენერგო პრო ჯორჯიას მხარდასაჭერად. lidovky.cz-ის ცნობით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზამორალეკი ჩეხური კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინტერესების დაცვას ცდილობდა, რომელსაც ქართველოს მთავრობასთან უთანხმოება აქვს. გამოცემის ცნობით, ენერგო პრო-ჯორჯიას საქართველოს ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი ჰქონდა გადასახდელი. radio.cz-ის ცნობით, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ენერგო პრო-ჯორჯიას, რომელიც ფლობს 15 ჰიდროელექტროსადგურს და წყლის მიმწოდებელ კომპანიას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გასულ წელს დააკისრა ნახევარი მილიარდი ჩეხური კრონის ოდენობით გადასახადი. კომპანია არ აპირებს ამ თანხის გადახდას, ხოლო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასახადის დაკისრებას კომპანიაზე ზეწოლად აღიქვამს.
