ფოტოები ვიქტორ ჰიუგოს სახლში, გერნოზეშია გადაღებული, სადაც მწერალმა 15 წელი გაატარა საფრანგეთიდან გაძევების შემდეგ. გამოფენა თბილისს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ეწვია და მწერალთა სახლში 16 მაისამდე გაგრძელდება.
კლაუდი სლუბანმა ფოტოპროექტი 2013 წელს შექმნა და არლის ფოტოფესტივალზე წარადგინა. 2014 წელს პარიზის ფოტოგრაფიის თვის ფარგლებში მას ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმმა უმასპინძლა. ფოტოხელოვანი რამდენიმე პრესტიჟული ფოტოგრაფიული პრიზის მფლობელია: ნიეფსის პრიზი, ლეიკის წარჩინების ჯილდო, ევროპელი გამომცემლების პრიზი და სხვ. მისი ნამუშევრები მუზეუმებში ინახება.

“მიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების შეცნობა. საინტერესოა, რამდენად უცხოა თავიდან ახალი ადგილი და როგორ ნელ-ნელა ვიწყებთ მის შემჩნევას, დეტალების ამოცნობას. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ გადაღებას,” – ამბობს კლაუდი სლუბანი.
სლუბანი თავად გაუძღვა დამთვალიერებელს და თითოეული ფოტოს შექმნის ისტორია გააცნო მათ. გერნოზეს ფოტოფესტივალის დირექტორმა, ჟან-კრისტოფ გოდემ კი გამოფენის გახსნამდე შეხვედრა გამართა და ფოტოხელოვნების შესახებ ისაუბრა.
“ნამდვილი ფოტოგრაფია საკუთარი თავის ძიება და ყოველდღიურ მოვლენებში განსაკუთრულობის დანახვის შესაძლებლობაა. დღეს ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს ფოტოგრაფი, მაგრამ ცოტამ თუ იცის ხელოვნების ამ დარგის ინტელექტუალური დატვირთვისა და მნიშვნელობის შესახებ. შეხედო ყველაფერს ფოტოგრაფის თვალით, ნიშნავს შეიძინო ახალი თვალები,” – განაცხადა მან სიტყვის გამოსვლისას.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ფრანგულის ინსტიტუტის წარმომადგენლები და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი.
“არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ განალაგონ ფიგურები საკუთარ ფოტოებზე, თუმცა კლაუდი არის ადამიანი, რომლისთვისაც ამ ფიგურების სათქმელის სწორად გადმოცემა უფრო მნიშველოვანია,” – აღნიშნა რენო სალერიმ.
ჟან-კრისტოფ გოდემ და კლაუდი სლუბანმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების პორტფოლიოების დათვალიერების პროცესში. საუკეთესო ფოტოგრაფის პორტფოლიო გერნოზეს ფოტოფესტივალზე გამოიფინება დიდ ბრიტანეთში.

