“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც უკრაინაში დაუღუპა. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ბრძოლა ერთი მტრის წინააღმდეგ – ეს არ არის სწორი. ომი შეუძლია აწარმოოს მხოლოდ სახელმწიფომ. ცალკეულ ადამიანებს ომის წარმოება არ შეუძლიათ. ეს თუ ასე არ არის, სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციას კარგავს. სახელმწიფოს კლასიკური განმარტება გვეუბნება, რომ სახელმწიფო, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გარკვეულ ტერიტორიაზე და გარკვეული მოსახლეობის მიმართ გააჩნია ექსსკლუზიურად ძალის ლეგიტიმურად გამოყენების უფლება. ჩვენ რომ ეს უფლება ყველა ადამიანს მივანიჭოთ და მათ თვითონ გადაწყვიტონ როდის, ვის გამოუცხადონ ომი, ჩვენ მივიღებთ ქაოსს. ყველას ომს ყველას წინააღმდეგ.
საქართველოს ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ იარაღით ხელში არ გადაწვიტოს ეს პრობლემა. ჩვენ ვიყენებთ სამართლებრივ გზებს და ვცდილობთ სწორედ ამ გზებით გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებიც ამ მიმართულებით გვაქვს. ამდენად, ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს ან ქართველი ხალხის ბრძოლად წარმოვიდგინოთ რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ცალკეული ჯგუფების ან ცალკეული პიროვნებების გადაწყვეტილება და მას სახელმწიფოს გადაწყვეტილებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საქართველოს სახელმწიფოს აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ ის არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მე მოვუწოდებდი ქართველ მებრძოლებს, დაიცვან სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ჩარჩოები და ამ ჩარჩოებში იმოქმედონ. – თქვა გია ჟორჟოლიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე „არგუმენტების დროში”.
უკრაინაში, კერძოდ სოფელ შიროკინოში, 18 აპრილს ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე დაიღუპა. გიორგი ჯანელიძე აზოვის პოლკში მსახურობდა, რომელიც შიროკინოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და პრორუს სეპარატისტებს ებრძვის.
