“მე ვფიქრობ, ჩვენ თუ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ თამაშის წესებს და მათ შორის პრეზიდენტიც. 10 000 კვ.მ, ჭარბი ფართი, რომ არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა ჰქონდეს და ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს”,- განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას. მან მუშაობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დროებით გამოუყვეს ფართი. შენობა, რომელიც ათონელის 25-ში შენდებოდა, თავდაპირველად მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ შენობაში მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენცია.
თუმცა მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ათონელის 25-ში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა. შენობის რემონტი და ავეჯით აღჭურვა დასრულებულია. გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრისგან მოისმინა აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შეასახლონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობა ამ შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.
