გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო. საცერაძე სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი მიუსაჯა. ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 15 წელია, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით საცერაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
“ოჯახის პოზიციაა, რომ შეფარდებული სასჯელი ამ შემთხვევაში არ ასახავს დ ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული არ არის. სასამართლო, როგორც წესი, სანქციის დასაბუთებას კონკრეტულად არ ახდენს, მან უბრალოდ გამოაცხადა განაჩნის სარეზოლუციო ნაწილი”,- ამბობს გიორგი სანტრუიანი, სალომე ჯორბენაძის ოჯახის ინტერების დამცველი. მისივე თქმით, ორივე მხარეს ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.
სალომე ჯორბენაძე 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობა მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ჩაიდინა, რომელმაც სალომე ჯორბენაძე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.
მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა.
