“ერთსულოვნებამ” დღეს დააანონსა, რომ ისინი შაბათს, 21 მარტს, 3 საათზე კონტრაქციას გამართავენ. კოალიცია “ერთსულოვნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იმართება, რადგან ამ პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ზიანი მოუტანა.
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართება, რადგან “ერთსულოვნებას: პრეტენზიები საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც აქვთ, რადგან ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშაა მოქცეული.
მიხეილ ანდღულძე ამბობს, რომ ამ გავლენის მაგალითია ის, რომ “ერთსულოვნების” ინიციატივები არ გააშუქეს.
“ერთსულოვნებამ” 15 თებერვალს დაიწყო კამპანია სიდუხჭირის აღმოფხვრისა და საყოველთაო დასაქმების განვითარებისთვის და 15-პუნქტიანი პეტიციით მიმართა მთავრობასა და პარლამენტს, თუმცა მაუწყებელმა მათ ეთერი არ დაუთმო, ამბობს ანდღულაძე.
“საერთოდ არ აშუქებენ. თუ მოდის ჟურნალისტი, იღებს და შემდეგ არ შუქდება, თუ არა და საერთოდ არ მოდიან”.
კითხვაზე, რა კავშრიშია მაუწყებლის პოლიტიკა ნაციონალურ მოძრაობასთან, “ერთსულოვნების” ხელმძღვანელი ამბობს, რომ “მთელი დღეები ნაციონალური მოძრაობის თემები შუქდება და რას უნდა დავაბრალოთ, აბა?”
ერთსულოვნება შაბათამდე ქალაქის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ფლაერების დარიგებითა და ხმის გამაძლიერებლის მქონე მიკროავტობუსით აპირებს.
“ხალხმა უპროტესტოდ არ უნდა დატოვოს ნაციონალური მოძრაობის პარპაში და თავხედობა”, – განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირეობას ფლობს, 21 მარტს, 14 საათზე რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციის გამართვას გეგმავს.


