“დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია”, – წერია სამინისტრის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურამ ასევე დაიწყო გამოძიება თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
“ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.”
გენერალური ინსპექციის მიერ შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ მსგავსი მეთოდებით პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებისგან. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ „პოლიციის შესახებ“ კანონს, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის. „პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაცდომის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მკაცრი ზომები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
